დღეს, 3 მარტს, 17:30 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს 17 ქვეყნის ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოს ხელმძღვანელები ეწვევიან. სტუმრებს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი უშიკიშვილი მიიღებს და ცენტრის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. ასევე, საინფორმაციო სააგნტოების ხელმძღვანელები ძველი და ახალი ქვილთის გამოფენას დაათვალიერებენ.
თბილისში ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოს ხელმძღვანელები შავი ზღვის ქვეყნების ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოების ასოციაციის (BSANNA) მე-4 გენერალური ასამბლეისა და საერთაშორისო კონფერენციაში _ "უსაფრთხოება - 21-ე საუკუნის გამოწვევა" მონაწილეობისათვის იმყოფებიან. გენერალური ასამბლეა და კონფერენცია 4 მარტს "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართება.
შავი ზღვის ქვეყნების ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოების ალიანსის გენერალურ ასამბლეაზე საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარეობას საქართველო, კერძოდ _ საინფორმაციო სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი" გადმოიბარებს.
რაც შეეხება საერთაშორისო კონფერენციას _ "უსაფრთხოება - 21-ე საუკუნის გამოწვევა", რომლის ორგანიზატორია საინფორმაციო სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი", მასში მონაწილეობას სააგენტოების ხელმძღვანელების გარდა, საქართველოს პარლამენტის, მთავრობისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც მიიღებენ.
კონფერენციაში მონაწილეობენ: საბრძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, აზერბაიჯანის, მაკედონიის, თურქეთის, სომხეთის, რუსეთის, უკრაინის, მოლდოვის, კვიპროსის, პალესტინის, საქართველოს, უნგრეთის, აშშ-ს, ალბანეთისა და ყაზახეთის საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელები.