დღეს, 3 მარტს, 11:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვისა და კლინიკური პრაქტიკის ეროვნულ ინსტიტუტს (NICE) შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდება.
დოკუმენტს ხელს ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი და NICE -ის თავმჯდომარე სერ მაიქლ როულინსი მოაწერენ. მემორანდუმს ხელი მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული, "ჯანდაცვის სექტორის განვითარების" პროექტისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული "პირველადი ჯანდაცვის რეფორმის დახმარების" პროექტის ფარგლებში მოეწერება. მხარეების შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია ურთიერთთანამშრომლობის პროცესში დამატებით იმ პროექტების ჩართვაც, რომლებიც სხვადასხვა სახის დაფინანსებით სარგებლობენ.
მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მიმართულ სხვადასხვა პროცესს.
ევროკომისია პირველადი ჯანადაცვის სექტორს დახმარებას 2002 წლიდან უწევს. ამ წლებში განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროგრამა საქართველოს მოსახლებისთვის მეტად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების შეთავაზებას ისახავდა მიზნად.
NICE მთავრობის მიერ დაფინანსებულ, მონაცემებზე დაფუძნებული კლინიკური გაიდლაინების განვითარების მსოფლიოში ყველაზე დიდ პროგრამას ახორციელებს. ნაციონალური ხარისხის სტანადრტების დამყარებასთან ერთად, NICE -ის კლინიკური სახელმძღვანელოები უკვე გამოიყენება დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემაში (ზოგადი პრაქტიკოსი ექიმებისთვის შესრულებული სამუშაოს მიხედვით ანაზღაურების ინფორმირებასა და მეორადი ჯანდაცვის მომსახურების ტარიფების დაწესებაში). მძიმე დაავადებების დარგში NICE ახალი სახელმძღვანელოების გამოშვებას გეგმავს.