საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით სირიაში არცერთი ქართველი არ იმყოფება. როგორც ,,რუსთავი-2"_თან საუბარში საგარეო უწყების პრესსამსახურის უფროსმა მარი ნარჩემაშვილმა განაცხადა მხოლოდ გასულ კვირას ერთი ოჯახი იმყოფებოდა ქალაქ ხომსში და მათ სირიის ტერიტორია უკვე დატოვეს.
,,საქართველოს საკონსულოში ამ ეტაპზე არ ირიცხება არცერთი ქართველი ვინც შეიძლება იყოს სირიის ტერიტორიაზე. ერთადერთი შემთხვევა გასულ კვირას დაფიქსირდა როდესაც ერთი ოჯახი ეგვიპტეში საქართველოს საკონსულოს დაუკავშირდა, რომლებიც ქალაქ ხომსში იყვნენ და მათ საკონსულოს რეკომენდაციით უკვე დატოვეს როგორც ქალაქი, ასევე სირიის ტერიტორია", _განაცხადა ნარჩემაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას მიერ შესაბამის ბრძანების გაცემის შემთხვევაში, სამხედრო ძალები მზად არიან დაიწყონ ოპერაცია სირიაში. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჩაკ ჰეიგელმა ბი-ბი-სისთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, პენტაგონმა აშშ-ის პრეზიდენტს წარუდგინა „მოქმედების ვარიანტები ყველა სახის ვითარებისთვის". „მან ის ნახა. ჩვენ მზად ვართ", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
თავდაცვის მდივნის განცხადებით, მონაცმები, რომელსაც ახლა აგროვებენ გაეროს ინსპექტორები, დაადასტურებს, რომ ქიმიური შეტევაზე პასუხიმგებლობა სირიის ხელისუფლებას ეკისრება.
„ვფიქრობ, საკმაოდ ნათელია, რომ ქიმიური იარაღი სირიელი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენეს", - განაცხადა ჩაკ ჰეიგელმა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ლიდერები ვერ თანხმდებიან ერთიან პოზიციაზე სირიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხი ქმედებებთან დაკავშირებით.
რუსეთის განცხადებით, სირიის საკითხში სამხედრო ჩარევას რეგიონისთვის კატასტროფული შედეგი ექნება.
აშშ და მისი მოკავშირეები განიხილავენ შესაძლებლობას სირიაზე სამხედრო იერიშის მიტანის თაობაზე.
ამ პოზიციას კატეგორიულად არ ეთანხმებიან რუსეთი და ჩინეთი, რომლებიც აცხადებენ, რომ პირდაპირი დამადასტურებელი მტკიცებულებები სირიის ხელისუფლების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების თაობაზე არ არსებობს და ქიმიური იარღი, შესაძლოა, ამბოხებულებს გამოეყენებინათ.
აშშ-ის სახლემწიფო მდივანმა „დამაჯერებელი და არასაკამათო" უწოდა ოფიციალური დამასკოს მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს.