"თალიბანის" სახელით გავრცელებული ვიდეორგოლების საქმის შედეგები შესაძლოა, სექტემბერ-ოქტომბერში გახდეს ცნობილი,"- ამის შესახებ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ანდრო ბარნვის მიერ ამავე საკითხზე დღეს გაკეთებული განცხადების კომენტირებისას ისაუბრა.
"ღარიბაშვილი ამ საკითხზე მუშაობს უცხოელებთან, ებრაელებთან და ამერიკელებთან ერთად მუშაობს ამ საკითხზე. ანუ, მე რაც მაქვს ინფორმაცია ბატონი ირაკლისგან, ჩართული ჰყავს ებრაული სპეცსამსახურები და ამერიკული სპეცსამსახურები,შესაბამისად ალბატ ისინი წარმოადგენენ თავიანთი მუშაობის შედეგებს და არ მგონია, რომ ეს შედეგები სექტემბერ-ოქტომბერში არ იყოს ცნობილი ჩევენი საზოგადოებისთვის. თუ გამოძიება დასრულებული არ არის, ამ შემთხვევაში საქმეში ჩახედვის უფლება მხოლოდ პროკურორს აქვს, იმიტომ რომ ჩვენი სამართლებრივი სისტემა ეფუძნება გამოძიების საიდუმლოობას, ანუ საიდუმლოდ მიდის გამოძიება,"- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრო ბარნოვმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრს "თალიბანის" სახელით გავრცელებული ვიდეორგოლების გამოძიების საქმის თაობაზე საზოგადოების ინფორმირებისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, "რჩება შთაბეჭდილება, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ყველანაირად ცდილობს მიჩქმალოს "თალიბანის" სახელით გავრცელებული ვიდეოების გამოძიების საქმე".
ამასთან, ბარნოვის თქმით, "ქვეყნის პირველი პირის ადმინისტრაციას ეჭვი აქვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს "თალიბანის" სახელით გავრცელებული ვიდეოს ავტორების შესახებ სრული ინფორმაცია აქვს და ისიც იცის, თუ როგორ და საიდან აიტვირთა აღნიშნული ჩანაწერები ინტერნეტსივრცეში".
"ტექნიკურ და ტექნოლოგიურ ნაწილს რაც შეეხებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს დახმარება მიიღო, თუმცა შედეგად გამოძიებისთვის ვერაფერი ხელჩასაჭიდი ვერ მიიღეს. ამ ტიპის განცხადებების გარდა, რომ მათ რეალურად ხელში არაფერი უკავიათ, ჩვენ სამინისტროსგან არაფერი მოგვისმენია ამ ხნის განმავლობაში და იქმნება მკაფიო შთაბეჭდილება, რომ მინისტრი ღარიბაშვილი და სამინისტრო ყველანაირად ცდილობს მიჩქმალოს ეს საქმე. აღნიშნულ კადრებში ძირითადად ანონიმური ვიდეოები, სადაც ვითომ "თალიბანი" ჩვენს მოსახლეობას, სამხედრო მოსამსახურეებს ემუქრებოდა. ამ კლიპების პათოსი მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკის დისკრედიტაცია იყო, პანიკის დათესვას და აგრესიის კულტივირებას ისახავდა მიზნად, რაც ახალი მთავრობის ძალიან საყვარელი იარაღი გახდა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. ჩვენ არ ვიცით როგორ მიმდინარეობს დღეს გამოძიება, არ ვიცით ვინ დაიკითხა და დაიკითხა თუ არა ვინმე საქმის შინაარსობრივი კონტექსტიდან გამომდინარე. საერთოდ არ ვიცით რა ხდება დღეს ამ მიმართულებით და ხდება თუ არა საერთოდ რამე. საზოგადოებას ასევე მინდა შევახსენო, რომ ჩვენ თავიდანვე გამოვთქვით ეჭვი, რომ აღნიშნული ფირები ხელისუფლებასთან დაახლოებული წრის მიერ ან მატი დაკვეთით იყო დამზადებული . შეგახსენებთ ასევე მთავრობის კანცელარიის მაღალჩინოსნის ყანდიაშვილის საქციელს, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მაშინ ამ კლიპების გავრცელება დაიწყო. ჩვენ დღემდე ვფიქრობთ, რომ გამოძიება სწორედ იმიტომ არის უშედეგო, რომ სინამდვილეში სამინისტრომ ძალიან კარგად იცის ვინ იყო ამისი დამკვეთი და შემსრულებელი,"- განაცხადა ანდრო ბარნოვმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 6 ივნისს ინტერნეტსივრცეში "თალიბანის" სახელით მუქარისშემცველი ვიდეორგოლები გავრცელდა. კადრების გავრცელებიდან რამდენიმე დღეში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადგინა, რომ ვიდეოკლიპები საქართველოს ტერიტორიიდან იყო ატვირთული, თუმცა მისი ავტორის დადგენა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. საქმე პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.