აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის განცხადებით, ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მუსლიმთა სამლოცველოს დემონტაჟისას სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებულებს, რომელთაც ახალციხის სასამართლომ ადმინისტრაციული წესით 400 - 400 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა, ჯარიმის თანხას აჭარის მთავრობა გადაუხდის.
ამის შესახებ ხაბაძემ დღეს ბათუმში, ერთ-ერთ მეჩეთთან ადგილობრივი მუსლიმების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოსახლეობას განუცხადა.
ცნობისთვის, ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მომხდარი ინციდენტისას სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაპატიმრებული 21-ვე პირი თავისუფალია. მათგან ნაწილს ადმინისტრაციული წესით 400 - 400 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
ახალხიცის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული მოვლენებისას დაკავებულ სამ მოქალაქეს - რაინდ შანთაძეს, ვახტანგ მარკოიძეს და გენადი აბაშიძეს, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000 - 2 000 ლარის ოდენიბით გირაო შეეფარდათ.
აღნიშნული თანხა მათ 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა გადაიხადონ. საქმეზე შემდეგი პროცესი 2013 წლის 16 ოქტომბრისთვის ჩაინიშნა.
რაინდ შანთაძეს, ვახტანგ მარკოიძეს და გენადი აბაშიძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ედებათ, რაც დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ჭელას მინარეთის დემონტაჟის გადაწყვეტილება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 20 აგვისტოს მიიღო. 26 აგვისტოს კი, ჭელაში მინარეთის დემონტაჟი განხორციელდა. რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო სოფლისკენ მიმავალი გზა. მოძრაობა მას შემდეგ აღდგა, რაც სოფლიდან მინარეთი გამოიტანეს.
ამასთან, ახალციხის პოლიციის სამმართველოსთან ორი დღის განმავლობაში მუსლიმი მრევლის საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. მომიტინგეები დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პრემანენტული აქციებით იმუქრებოდნენ. სოფელ ჭელაში მცხოვრებ მუსლიმთა პროტესტს აჭარის რეგიონის მუფტი და აჭარაში მცხოვრები მუსლიმთა ნაწილიც შეუერთდნენ.