თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დღეს 13:30 საათზე განახლდება.
დღევანდელ პროცესზე 5 მოწმის დაკითხვაა დაგეგმილი. მოწმის სახით უკვე დაიკითხნენ ადუაშვილის ოჯახის წევრები, რომლებმაც მკვლელობის შემკვეთად მომღერალი სოსო პალიაშვილი დაასახელეს.
აღნიშნულ საქმეზე სასამართლო სხდომა სამი დღის განმავლობაში ინციდენტების გარეშე მიმდინარეობდა, თუმცა გუშინდელ პროცესზე ბრალდებულებს და გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახის წევრებს შორის სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი, რის გამოც სასამართლოს სხდომა დროებით შეწყდა.
სასამართლოს გუშინდელ სხდომაზე ბრალდების მხარის 8 მოწმე დაიკითხა, მათ შორისა 2 ბრალდებული - მურთაზ გერგაია და თეიმურაზ ქობალია იყვნენ.
საქმეში ბრალდებულთა დაცვის მხარის განცხადებით, "აღნიშნული სასამართლო პროცესი მომღერალ სოსო პავლიაშვილის და გარდაცვლილი ადუაშვილის ურთიერთობების განხილვას ემსგავსება, რადგან ჯერ-ჯერობით საქმის გამოკვლევის პროცესში უშუალოდ მკვლელობაზე საუბარი არ ყოფილა".
"გუშინაც განვაცხადე, რომ პირდაპირი მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს და ვერც იქნება, მაგრამ ამავე დროს მინდა განვაცხადო, რომ პროცესი ემსგავსება სოსო პავლიაშვილის პროცესს და არა ჩხაპელიას და სხვათა პროცესს. პროკურატურის მხრიდან დაკითხვის პროცესში ინტერესი არის არა უშუალოდ მკვლელობაზე, არა უშუალოდ მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებზე, არამედ სოსო პავლიაშვილის და ადუაშვილის ურთიერთობებზეა აგებული. ეს არ არის ვახტან ჩხაპელიას პროცესი. იმას ვამბობ, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესში ჯერ-ჯერობით უშუალოდ მკვლელობაზე საუბარი არ ყოფილა,"- განაცხადა დაცვის მხარის ადვოკატმა ლევან ჯავახაძემ .
შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობაში ბრალდებულია 7 პირი. საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.
ცნობისთვის, ბიზნესმენი ავთანდილ ადუაშვილი 2012 წლის 24 ნოემბერს ზაზიაშვილის ქუჩაზე, საკუთარ სახლთან ავტომანქანის უკანა სავარძელზე მოკლული იპოვეს. მას ცეცხლსასროლი იარრით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, მათ შორის ერთ-ერთი საკონტროლო გასროლა იყო.