ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში გუშინ საღამოს მომხდარი ინციდენტისას დაკავებული ყველა პირი თავისუფალია.
სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაპატიმრებული 21 პირიდან ნაწილი გუშინ საღამოსვე გაათავისუფლეს, ნაწილმა კი, გასული ღამე ახალციხის წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარა.
სოფელ ჭელაში მუსლიმთა სამლოცველოს მინარეთის დემონტაჟისას დაკავებულთაგან 6 პირს სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისიწნებული დანაშაულის ჩადენის გამო 400 - 400 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა, 3 პირს კი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლების დარღვევისათვის დღის ბოლომდე გაასამართლებენ, თუმცა ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობის საფუძველზე გათავისუფლდნენ.
სისხლის სამართლის კოდექსის რიგი მუხლების დარღვევაში ბრალდებული 3 პირის სასამართლო პროცესი დღეს გვიან ღამითაა ჩანიშნული და მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხიც დღესვე გადაწყდება.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ჭელას მინარეთის დემონტაჟის გადაწყვეტილება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 20 აგვისტოს მიიღო. გუშინ კი, ჭელაში მინარეთის დემონტაჟი განხორციელდა. რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო სოფლისკენ მიმავალი გზა. მოძრაობა მას შემდეგ აღდგა, რაც სოფლიდან მინარეთი გამოიტანეს.
მინარეთის დემონტაჟის პროცესში სამართალდამცველებისთვის გაწეული წინააღმდეგობის და მათთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებაში ხელის შეშლის ბრალდებით ათობით ადილობრივი მუსლიმი დააკავეს.
ამასთან, უკვე მეორე დღეა ახალციხის პოლიციის სამმართველოსთან მუსლიმი მრევლის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მომიტინგეები დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პრემანენტული აქციებით იმუქრებოდნენ. სოფელ ჭელაში მცხოვრებ მუსლიმთა პროტესტს აჭარის რეგიონის მუფტი და აჭარაში მცხოვრები მუსლიმთა ნაწილიც შეუერთდნენ.