27 აგვისტოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გულგრილობის ფაქტებზე ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი სიმონ პარუნაშვილი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2011 წლის 05 მაისს გამოცხადებულ ტენდერში ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სიმონ პარუნაშვილმა, რომელიც იყო სატენდერო კომისიის თავმჯდომარე, კომისიის სხვა წევრებთან ერთად „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის უგულვებელყოფით, ბოროტად გამოიყენა სამსახურეობრივი უფლებამოსილება და უპირატესობა მიანიჭა სატენდერო კომისიის ერთ-ერთი წევრის კუთვნილ საწარმოს შპს „ადიგენი 2009"-ს, რომელიც ტენდერში გამარჯვებულად გამოაცხადეს, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
ასევე, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2012 წლის 07 ივნისს გამოცხადებულ ტენდერში სატენდერო კომისიის თავჯდომარემ სიმონ პარუნაშვილმა, სატენდერო კომისიის წევრებთან ერთად, ბოროტად გამოიყენა სამსახურეობრივი უფლებამოსილება და უპირატესობა მიანიჭა შპს „ნამქერი"-ს მიერ წარმოდგენილ წინადადებას, სადაც საწარმოს ხელმძღვანელის ანტონ მერაბიშვილის მიერ ხელოვნურად იყო გაზრდილი შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა და ღირებულება. სატენდერო კომისიამ მოცემულ ტენდერში შპს „ნამქერი" გამოაცხადა გამარჯვებულად, მაშინ როდესაც „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად ვალდებული იყო მოეხდინა შპს „ნამქერი"-ს დისკვალიფიკაცია, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლითა და 342-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალიწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით