ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მუსლიმთა სამლოცველოს მინარეთის დემონტაჟისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წესით დაკავებულ 3 ადგილობრივს ბადრი ჩოგაძეს, ემზარ ჩოგაძეს და დავით ბერიძეს სასამართლომ 400 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.
ადმინისტრაციული წესით დაკავებული 6 მუსლიმის სასამართლო პროცესი ახალციხის რაიონულ სასამართლოში დღეს იყო ჩანიშნული.
რაც შეეხება სისიხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლის 3-ე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ კიდევ სამ პირს, ისინი ამ დრომდე ახალციხის რაიონული პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან.
პარალელურად, ახალციხის პოლიციის სამმართველოსთან მუსლიმი მრევლის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მომიტინგეები დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პრემანენტული აქციებით იმუქრებიან.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ჭელას მინარეთის დემონტაჟის გადაწყვეტილება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 20 აგვისტოს მიიღო. გუშინ კი, ჭელაში მინარეთის დემონტაჟი განხორციელდა. რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო სოფლისკენ მიმავალი გზა. მოძრაობა მას შემდეგ აღდგა, რაც სოფლიდან მინარეთი გამოიტანეს.
მინარეთის დემონტაჟის პროცესში სამართალდამცველებისთვის გაწეული წინააღმდეგობის და მათთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებაში ხელის შეშლის ბრალდებით ათობით ადილობრივი მუსლიმი დააკავეს.