უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით ადიგენის რაიონის გამგებელი სიმონ პარუნაშვილი დააკავეს.
აღნიშნული ინფორმაცია ადიგენის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ჩილინგარაშვილმა ტელეკომპანია "პირველ არხთან" საუბრისას დაადასტურა.
არსებული ინფორმაციით, გამგებელი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მუსლიმთა სამლოცველოს მინარეთის დემონტაჟის გამო მეორე დღეა ვითარება დაძაბულია. მინარეთის დემონტაჟის პროცესში სამართალდამცველებისთვის გაწეული წინააღმდეგობის და მათთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებაში ხელის შეშლის ბრალდებით ათობით ადილობრივი მუსლიმი დააკავეს.
დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით უკვე მეორე დღეა ახალციხის პოლიციის განყოფილებასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მომიტინგეთა თქმით, მანამ არ დაიშლებიან, სანამ ყველა დაკავებული არ გათავისუფლდება. დაპატიმრებულთა ნაწილი გუშინ გვიან ღამით გაათავისუფლეს, 9 პირი კი, ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მათგან 6-ს ადმინისტრაციულ ჯარიმას დააკისრებენ, 3 კი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცემა.
ამასთან, ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მუსლიმთა სამლოცველოს მინარეთის დემონტაჟისას სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაკავებულთა მხარდასაჭერ აქციაზე დაპატიმრებული ფრიდონ გობაძის ბაბუა წუხელ გულის ინფარქტით გარდაიცვალა.
აღნიშნულ ინფორმაციას ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე ავრცელებს და განმარტავს, რომ ხანდაზმულმა მამაკაცმა შვილიშვილის დაპატიმრების ამბავი გაიგო, რის გამოც გულის შეტევა დაემართა და მიუხედავად აღმოჩენილი გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
"წუხელ ახალციხის პოლიციასთან ჭელაში დაკავებულთა მხარდასაჭერი აქციის დროს, შენობასთან მომხდარი დაპირისპირებისას ფრიდონ გობაძე დააპატიმრეს. იქ შეკრებილმა ხალხმა ვერ მოზომა, ჭიშკარს მიადგნენ და დაძაბული მდგომარეობის დროს ეს ბიჭი დააპატიმრეს. ერთი საათის მერე გავიგეთ, რომ ნერვიულობის ნიადაგზე გობაძის ფრიდონ ბაბუას ინფარქტი დაემართა და გარდაიცვალა. გასვენებაში მისული ხალხი აქეთ მოემართება. საპატრიარქო რეაგირებას არ ახდენს, ღარიბაშვილი და ივანიშვილი არაფერს არ ამბობენ. ხალხი ამ ყველაფერს გულცივად ხვდება, ასე მხოლოდ ჯალათები აკეთებენ და ამ ყოველივეს კარგი შედეგი არ მოყვება. ძალიან სამწუხარო, ვანდალურ ფაქტს ჰქონდა ადგილი. უკიდურესად შეშფოთებულები და შეძრწუნებულები ვართ", - განაცხადა მამუკა ვაშაყმაძემ.
ჯავახეთის მუფთის მამუკა ვაშაყმაძის განცხადებით, სოფელ ჭელაში განვითარებული მოვლენების გამო, აჭარის რეგიონში მცხოვრები მუსლიმები მათი აღმსარებლობის მიმდევართა მხარდაჭერის მიზნით, ხულოდან და წალკიდან დაიძრნენ და სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებით ახალციხისკენ მიემართებიან.
აჭარაში მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობა დაპატიმრებულების გათავისუფლების მოთხოვნით სამარშრუტო ტაქსებით პოლიციისკენ მოდიან. ჩემი ინფორმაციით, ჯერ კიდევ დაპატიმრებულია დაახლოებით 11 ადამიანი. გუშინდელი მოვლენებისას დაახლოებით 20-ზე მეტი მუსლიმი დაიჭირეს და ნაწილი გუშინ ღამით გაათავისუფლეს. ადგილობრივი მუსლიმები გუშინ დღიდან მოყოლებული და მთელი ღამე ახალციხის პოლიციის შენობასთან აქციას მართავდნენ და დაპატიმრებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვდნენ. ძალიან მეშინია ცუდი შედეგები არ მოყვეს ამ ყველაფერს. ყველა შეურაცხყოფილად ვგრძნობთ თავს, სულში ჩაგვაფურთხეს ფაქტიურად. სანამ ყველას არ გაათავისუფლებენ, თუნდაც ერთი კვირა გავიდეს, პოლიციის შენობასთან ვრჩებით", - დასძინა მამუკა ვაშაყმაძემ.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ჭელას მინარეთის დემონტაჟის გადაწყვეტილება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 20 აგვისტოს მიიღო. გუშინ კი, ჭელაში მინარეთის დემონტაჟი განხორციელდა. რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო სოფლისკენ მიმავალი გზა. მოძრაობა მას შემდეგ აღდგა, რაც სოფლიდან მინარეთი გამოიტანეს.