აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ სირის მთავრობა „ქიმიური იარაღის გაუმართლებელ გამოყენებაში დაადანაშაულა".
მისი თქმით, სირიის სამთავრობო ძალების მიერ დამასკოს გარეუბანში ქიმიური იარაღის გამოყენება არის „სარწმუნო და უდავო".
სახელმწიფო მიდვანმა აღნიშნა, რომ აშშ-ს გააჩნია დამატებითი ინფორმაცია სირიაში ქიმიური შეტევის თაობაზე, რომელიც ძალიან მალე წარედგინება საერთაშორისო თანამეგობრობას.
მანვე აღნიშნა, რომ დამასკოს მიერ ადგილზე ინსპექტორების დაშვების პროცესის გაჭიანურება ემსახურებოდა ქიმიური იარაღის გამოყენების მტკიცებულებების განადგურებას ან მათი ბიუნებრივი გზით გაქრობის მოლოდინს.
„იმან, რაც ჩვენ გასულ კვირას ვნახეთ სირიაში, უნდა შეაწუხოს მთელი მსოფლიოს სინდისი. ეს ნებისმიერი მორალური ნორმების გათელვაა", - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა საგანგებო პრესკონფერენციაზე და დასძინა, -„არაა საჭირო თავის მოტყუება - პრეზიდენტი ობამა ფიქრობს, რომ ისინი, ვინც დაუცველი ადამიანების წინააღმდეგ იყენებს ყველაზე საშინელ იარაღს, პასუხიმგებლობას ვერ გაექცევიან".
სახელმწიფო მდივნის პრესკონფერენცის შემდეგ თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯეი კარნიმ განაცხადა, რომ ობამას ადმინისტრაციას პრაკტიკულად ეჭვი არ ეპარება, რომ სირის რეჟიმი დამნაშავეა ქიმიური იარაღის გამოყენებაში.