თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის საქმის განხილვა დღეს განახლდა.
სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე დაგეგმილია ბრალდების მხარის 8 მოწმის დაკითხვა, მათ შორისაა 2 ბრალდებული - მურთაზ გერგაია და თეიმურაზ ქობალია.
ბრალდების მხარის ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე მოწმეები უშუალოდ ხელს დაადებენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობაში ბრალდებულებს და საქმეში ბრალდებულებისთვის წაყენებული ბრალის დასასაბუთებლად მნიშვნელოვანი მტკიცებულებები წარმოიშობა.
"დღევანდელ პროცესზე დაიკითხებიან სახელმწიფო ბრალდების უმნიშვნელოვანესი მოწმეები, მათ შორის პირები, რომლებიც აღნიშნულ საქმეში ბრალდებულის სტატუსით არიან და მათ მიმართ ბრალდების წარმოებადაა საქმე გამოყოფილი. ჩვენ ველით, რომ აღნიშნული მოწმეები დღეს სამივე ბრალდებულს პირდაპირ დაადებენ ხელს ამ დანაშაულის ჩაადენაში. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნება უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები, დაახლოებით 8 პირი დაიკითხება,"- განაცხადა პროკურორმა ლაშა ცქვიტარიამ.
საქმეში ბრალდებულთა დაცვის მხარის განცხადებით კი, "აღნიშნული სასამართლო პროცესი მომღერალ სოსო პავლიაშვილის და გარდაცვლილი ადუაშვილის ურთიერთობების განხილვას ემსგავსება, რადგან ჯერ-ჯერობით საქმის გამოკვლევის პროცესში უშუალოდ მკვლელობაზე საუბარი არ ყოფილა".
"გუშინაც განვაცხადე, რომ პირდაპირი მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს და ვერც იქნება, მაგრამ ამავე დროს მინდა განვაცხადო, რომ პროცესი ემსგავსება სოსო პავლიაშვილის პროცესს და არა ჩხაპელიას და სხვათა პროცესს. პროკურატურის მხრიდან დაკითხვის პროცესში ინტერესი არის არა უშუალოდ მკვლელობაზე, არა უშუალოდ მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებზე, არამედ სოსო პავლიაშვილის და ადუაშვილის ურთიერთობებზეა აგებული. ეს არ არის ვახტან ჩხაპელიას პროცესი. იმას ვამბობ, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესში ჯერ-ჯერობით უშუალოდ მკვლელობაზე საუბარი არ ყოფილა,"- განაცხადა დაცვის მხარის ადვოკატმა ლევან ჯავახაძემ .
შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობაში ბრალდებულია 7 პირი. საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. აღნიშნული სასამართლოს სხდომის ფარგლებში, გუშინ უკვე დაიკითხნენ გარდაცვლილის დედა და ძმა, რომლებიც მკვლელობის უშუალო დამკვეთად მომღერალ სოსო პავლიაშვილს ასახელებენ.
ცნობისთვის, ბიზნესმენი ავთანდილ ადუაშვილი 2012 წლის 24 ნოემბერს ზაზიაშვილის ქუჩაზე, საკუთარ სახლთან ავტომანქანის უკანა სავარძელზე მოკლული იპოვეს. მას ცეცხლსასროლი იარრით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, მათ შორის ერთ-ერთი საკონტროლო გასროლა იყო.