ხვალ, 3 მარტს, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ხმიადაშვილი გორის რაიონში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს შეხვდება, დედის დღეს მიულოცავს და თაიგულებს გადასცემს. შეხვედრაზე მოწვეულია 76 ქალბატონი, რომელთაც ხუთი და მეტი შვილი ჰყავთ. შეხვედრის შემდეგ მათ ასევე გადაეცემათ ერთჯერადი ფულადი დახარება 300 ლარის ოდენობით, რაც გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2010 წლის ბიუჯეტის სოციალური პროგრამების მუხლითაა გათვალისწინებული.
"საერთოდ საქართველოს კანონმდებლობით მრავალშვილიან დედად ითვლება შვიდი და მეტშვილიანი ქალი. გამგეობის კეთილი ნებიდან და ფინანსური რესურსებიდან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ დახმარება გაგვეცა ხუთ და მეტშვილიან ოჯახებზე. აღნიშნული დახმარება შარშანდელი ბიუჯეტით სამწუხაროდ არ იყო გათვალისწინებული. წელს მოგვეცა საშუალება, რომ მრავალშვილიანი დედებისთვის ასეთი საჩუქარი გაგვეკეთებინა. იმ ქალბატონებს კი, რომლებსაც 2010 წელს შეეძინებათ მეხუთე შვილი, შეუძლიათ მოგვმართონ წლის ბოლომდე და შეუფერხებლად მიიღონ კუთვნილი დახმარება", - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსმა კობა ტლაშაძემ.
დედის დღის აღსანიშნავად მრავალშვილიან დედებთან შეხვედრა გაიმართება ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში, სადაც მრავალშვილიან ქალბატონებს დედის დღეს მიულოცავენ ჯანდაცვის სამინიტროს ადგილობრივი სამსახურის წარმომადგენლებიც და გადასცემენ მათ ერთჯერადი მომსახურების უფასო პაკეტებს, რომლითაც გორში მოქმედ პოლიკლინიკებში სხვადასხვა სფეროს ექიმთა მომსახურებით სარგებლობა იქნება შესაძლებელი.