თბილისის სასამართლომ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს გია ნაცვლიშვილსა და შპს "არტესის" დამფუძნებელს ზაზა კაპანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 200-200 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.
ბრალდების მხარე გია ნაცვლიშვილისა და ზაზა კაპანაძისათვის 300 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
ბრალდებულებმა მათთვის გირაოს სახით შეფარდებული თანხა, 200 - 200 ათასი ლარი 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტის გია ნაცვლიშვილის და შპს "არტესის" დამფუძნებლის, ზაზა კაპანაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს იმსჯელეს.
აღნიშნულ პირებს სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობის თანხების მითვისება ედებათ ბრალად . საუაბრია 4 მილიონ ლარზე მეტ თანხაზე. გამოძიების ინფორმაციით, ზაზა კაპანაძემ გია ნაცვლიშვილთან ერთად ძველი ქალაქის რეაბილიტაციის და განვითარების ფონდის იმჟამინდელი ხელმძღვანელის სერგო ქავთარაძის დახმარებით საბიუჯეტო თანხები მიითვისა და შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა ფიქტიურად გაზარდა.
ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტის, საქმეში ბრალდებულ გია ნაცვლიშვილის განცხადებით, იგი აღნიშნულ კომპანიაში კონსულტანტად მუშაობდა და მის მიმართ წაყენებული ბრალდება "აბსურდულია, რადგან ფაქტიურად ფირმას ედავებიან, რატომ ჰქონდა მოგება, რომლის გადასახადები გადახდილია და ყველა პროცედურა კანონიერად წარიმართა".
ბრადლებულ ნაცვლიშვილის ადვოკატის მამუკა ჭაბაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების აუცილებლობა არ იყო, რადგან საქმეში ბრალდებული პირები გამოძიებასთან თანამშრომლობდნენ და რამდენჯერმე დაიკითხნენ.
"ერთ-ერთი, უშუალოდ ზაზა კაპანაძე გერმანიაში სამკურნალოდ იყო წასული და გაიგო თუ არა, მკურნალობის კურსი შეწყვიტა და საქართველოში დღეს დილით დაბრუნდა, რათა პროცესს დასწრებოდა. ასე რომ, არანაირი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საჭიროება არ იყო,"- განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.
ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით და 180-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
"გია ნაცვლიშვილმა და ზაზა კაპანაძემ დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულადი თანხების ლეგალიზების მიზნით, შპს "არტესიდან" გაიტანეს დივიდენდის სახით და კანონიერი სახის მისაცემად, შეიტანეს მათ მიერვე დაფუძნებულ შპს AVANTE HOSPITAL MANAGMENT GROUP-ში. აღნიშნული თანხები ხსენებული საწარმოს მიერ გამოყენებული იქნა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსგან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან თბილისის N2 სამშობიარო სახლის, ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკური ცენტრის და ბათუმის სამშობიარო სახლის, პედიატრიის ინსტიტუტის ალერგიისა და რევმატოლოგიის ცენტრის, გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის და მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს შესაძენად, რითაც მოახდინეს უკანონოდ მიღებული შემოსავლის ლეგალიზება,"- ნათქვამია ფინანსთაა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.