დე-ლა-შეზ-დიეს 47-ე მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, დღეს, 26 აგვისტოს, საფრანგეთში, სენტ-რობერტის სააბატოში, ჯუზეპე ვერდის რექვიემი (Messa da Requiem) შესრულდება. მასში, სხვა ცნობილ საოპერო ვარსკვლავებთან ერთად, ქართველი მეცო-სოპრანო ნონა ჯავახიძე იმღერებს.
ვერდის რექვიემი ავტორის ერთადერთი მუსიკალური შედევრია, რომელიც არასაოპერო ჟანრშია შექმნილი და მუსიკის ისტორიაში შესულია, როგორც ტრადიციული საეკლესიო სულის მოსახსენიებლის ყველაზე თეატრალური გარდასახვა.
ვერდის რექვიემის შესრულება საკმაოდ პრესტიჟულია - კრიტიკოსების ნაწილი მასში ტრადიციული ოპერის ელემენტებსაც ხედავს. რექვიემის შემსრულებელთა შორის არაერთი მსოფლიო ვარსკვლავია.
რექვიემს ოთხი სოლისტი ასრულებს. ამჯერად, ლორენის ნაციონალური ორკესტრისა (დირიჟორი ჟაკ მერსიე) და ბრნოს ფილარმონიის გუნდის თანხლებით, ქართველ მეცო-სოპრანოსთან ერთად იმღერებენ ისეთი ცნობილი შემსრულებლები, როგორიცაა ბენედიქტ რუსსენკი (სოპრანო), ავი კლემბერგი (ტენორი) და ნიკოლა კურჯალი (ბასი)
დე-ლა-შეზ-დიეს მუსიკალური ფესტივალი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება მსოფლიო საოპერო წრეებში. იგი უკვე 47-ედ ტარდება საფრანგეთში და მასში მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული შემსრულებლები.