დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოსმა ლევან ალექსიძემ მოხსენება წაიკითხა თემაზე: "ჰაიდი ტალიავინის მისიის მოხსენების საერთაშორისო სამართლებრივი ასპექტები".
მოხსენებაში განხილული იყო აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელის მიერ დადებული დოკუმენტი; კერძოდ, დასკვნის ორივე ტომში ასახული სამართლებრივი თვალსაზრისით დადებითი და სადავო საკითხები. ლევან ალექსიძემ ყურადღება გაამახვილა რუსულ აგრესიაზე და აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტში რუსეთი აგრესორად არ არის მოხსენიებული თვითეული თავის გაანალიზების შემდეგ ნათელი ხდება, რომ რუსეთმა საქართველოზე აგრესიული ქმედებები განახორციელა. ლევან ალექსიძის განცხადებით, სასურველი იქნება თუ მის მოხსენებას ის ადამიანები გაეცნობიან, რომლებიც რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში ქართულ მხარეს ადანაშაულებენ.
"დასკვნაში ძირითადად არის რუსეთის კრიტიკა, ტერმინი გადამეტებული ძალის გამოყენება ზუსტად აგრესიას ნიშნავს. საქართველოს მიმართაც არის გარკვეული ბრალდებები არაპროპორციული ძალის გამოყენების თვალსაზრისით, თუმცა სათუოა, რადგან იქ წერია, რომ მათ არ ჰქონდათ სხვა ინფორმაცია და შეიძლება გამოჩნდეს სხვა ინფორმაციაც. ერთადერთი სუბიექტი, რომელსაც ეს დასკვნა აკისრებს საერთაშორისო სამართლებრივ პასუხისმგებლობას არის რუსეთი. პასუხისმგებლობა მხოლოდდამხოლოდ რუსეთს ეკისრება", - განაცხადა აკადემიკოსმა ლევან ალექსიძემ.
შეხვედრას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტოლეგები და ექსპერტები დაესწრნენ.