სასჯელაღსრულების, პრობაცის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიხეილ ღუწკაია ციხეებში ე.წ. მაყურებლების არსებობის ფაქტს ადასტურებს, თუმცა მიიჩნევს, რომ მიუხედავად ამისა, საპატიმრო დაწესებულებების კონტროლს ციხის ადმინისტრაცია ახორციელებს.
როგორც ღურწკაიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბრისას აღნიშნა, "ე.წ. მაყურებლების ინსტიტუტი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებიდან იღებს სათავეს და მაშინ ადამიანები მაყურებლებად ისე ინიშნებოდნენ, როგორც თანამდებობებზე".
რაც შეეხება შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს, ღურწკაიას თქმით, სასჯელაღსრულების სამინისტროს სპეციალური სტრატეგიული გეგმა აქვს, რომელიც პატიმართა კლასიფიცირებას ითვალისწიენბს და მსჯავრდებულები სხვადასხვა კატეგორიის საპატიმრო დაწესებულებებში მოიხდიან სასჯელს.
"მაყურებლების, ლიდერის ინსტიტუტი მსოფლიოს ყველა დაწესებულებაში არსებობს, მათ შორის საქართველოშიც. ციხეს მართავს ადმინისტრაცია, მაგრამ შიგნით არის ლიდერის ინსტიტუტი, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არსებობს. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ფესვები მოდის "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობიდან, სადაც ამათმა მიიღეს სტრუქტურული ფორმა, სადაც ადამიანებს როგორც თანამდებობაზე ისე ნიშნავდნენ, თავისი კანონები და წესები ჰქონდათ დაწესებული, რისი მეშვეობითაც მართავდნენ ციხეს. ჩვენ ამაზე გვაქვს სტრატეგიული გეგმა, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ იქნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ვინც ბავშვს აუპატიურებდა და ვინც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ხვდებოდა, ერთ ე.წ. ბარაკში რომ იჯდნენ, ასე კი არ უნდა მმართველობა, ადამიანებს უნდა კლასიფიცირება,"- განაცხადა მიხეილ ღურწკაიამ.