სანდრო გირგვლიანის საქმეში ბრალდებული დავით ჩხიტუნიძის ადოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფის საქმის ცალკე განხილვას და დაუყოვნებლივ ექსტრადიციას ითხოვენ.
ჩხიტუნიძის ადვოკატთა მტკიცებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფს სანდრო გირგვლიანის საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია საქართველოს მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილსაც გადასცეს.
"ეს საქმე ცალკე წარმოებად უნდა იყოს გამოყოფილი. მე ამას ვასაბუთებ და ბატონ არჩილ კბილაშვილსაც განცხადებით არაერთხელ მივმართე, რომ ეს საქმე ცალკე გამოყოფილიყო და მისი წარმოება ცალკე უნდა მიმდინარეობდეს, იმიტომ, რომ დანარჩენი დანაშაული, რაზეც გამოძიებას ბრალი აქვს წაყენებული სასჯელაღსრულების ყოფილ მინისტრებზე და ძალოვანი უწყებების სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებზე, ეს ჩვენ არ გვეხება,"- განაცხადა ადვოკატმა ვახტანგ თალაკვაძემ.
ამასთან, დავით ჩხიტუნიძის ადვოკატის, დალი იმნაიშვილის მტკიცებით, ჩხიტუნიძე სასტიკად არის ნაცემი რის შედეგადაც, მძიმე თავის ტრავმა აქვს მიღებული.
"13 აგვისტოს დავით ჩხიტუნიძე შეასახლეს ათენის საპყრობილეში. იქ იმ პერიოდისათვის 80 თავისუფლება აღკვეთილი პატიმარი დახვდა მას. როგორც ჩვენთვის ოჯახიდან და სხვადასხვა წყაროებიდანაა ცნობილი, პატიმრებმა დავით ჩხიტუნიძე როგორც მათი ყოფილი გამომძიებელი იცნეს და მის მიმართ მუქარა და შუღლი დაიწყეს. ამის გამო, ჩვენ განვაცხადეთ, რომ მასზე თავდასხმა იყო მოსალოდნელი,"- განაცხადა დალი იმნაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის მოადგილე დავით ჩხიტუნიძე 2013 წლის 13 აგვისტოს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში დააკავეს.