პანკისის ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტში განუცხადეს, გუშინ საღამოს პანკისის ხეობაში რამდენიმე მოქალაქეს შორის დაპირისპირებას ადგილი ნამდვილად ჰქონდა, თუმცა არც გუშინ და არც დღეს ადგილზე სპეცრაზმის გამოძახება საჭირო არ გამხდარა.
"არ ვადასტურებთ ამ ინფორმაციას. ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე მოქალაქეს შორის მოხდა დაპირისპირება,"- განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტში.
"ჯი-ეიჩ-ენის" კითხვაზე, პანკისის ხეობაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩავა თუ არა, სამინისტროს პრესსამსახურში ამ ეტაპზე უარყოფითად უპასუხეს.
"ჯერ-ჯერობით ამ ინფორმაციას ვერ დავადასტურებთ,"- განაცხადეს შსს-ს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტში.
ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, პანკისის ხეობაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს.
ცნობისთვის, წუხელ გვიან ღამით პანკისის ხეობაში ინციდენტი მოხდა. ერთმანეთს ქისტები და ქართველები დაუპირისპირდნენ.
თვითმხილველების ინფორმაციით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ახლგაზრდებმა ხადუნის ხეობიდან დაბრუნებისას მატნელ ახალგაზრდებთან იჩხუბეს. ჩხუბი სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწო და სოფელ მატანთანაც გაგრძელდა.
მოგვიანებით, ხელკეტებით შეიარაღებულმა მატანის მოსახლეობამ პანკისის ხეობისაკენ მიმავალი გზა გადაკეტა და პანკისელებს სახლში დაბრუნების საშუალებას არ აძლევდნენ.
სიტუაცია იმდენად მძიმე იყო, რომ ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დამატებითი ძალების გამოძახება გახდა საჭირო.
დაპირისპირების დარეგულირებას ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ზვიადაურიც ცდილობდა.
ცნობილი გახდა, რომ ინციდენტის დროს 4 ადამიანი დაშავდა, რომლებიც სხვადასხვა დაზიანებებით ახმეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამ წუთისთვის არსებული ინფორმაციით, ადგილზე ამ დრომდე რჩებიან სამართალდამცველები და დაპირისპირებულ სოფლებს შორის სიტუაციის დარეგულირებას ცდილობენ.