პანკისის ხეობაში შს სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი იტყობინება ხეობიდან, გუშინ, მომხდარი ინციდენტის დროს ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის ძმა სპარტაკ ზვიადაური ცემეს. კონფლიქტი ეთნიკურ ქისტებსა და ზვიადაურის ძმის მეგობრებს შორის მოხდა.
ერთ-ერთი ვერსიით, ზვიადაურის ძმის მეგობრები ტბათანადან ბრუნდებოდნენ და ეთნიკურ ქისტებთან შელაპარაკება მოუვიდათ, რაც ჩხუბში გადაიზარდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ახლგაზრდებმა ხუდონის ხეობიდან დაბრუნებისას მატანელ ახალგაზრდებთან იჩხუბეს. ჩხუბი სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწო და სოფელ მატანთანაც გაგრძელდა.
მოგვიანებით, ხელკეტებით შეიარაღებულმა მატანის მოსახლეობამ პანკისის ხეობისაკენ მიმავალი გზა გადაკეტა და პანკისელებს სახლში დაბრუნების საშუალებას არ აძლევდნენ.
სიტუაცია იმდენად მძიმე იყო, რომ ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დამატებითი ძალების და სპეციალური დანიშნულების რაზმის გამოძახება გახდა საჭირო.
ამ წუთისთვის არსებული ინფორმაციით, ადგილზე ამ დრომდე რჩებიან სამართალდამცველები და დაპირისპირებულ სოფლებს შორის სიტუაციის დარეგულირებას ცდილობენ.