ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში სპეცსამსახურების ძალები ალყაშემორტყმულ ალ-ფათხის მეჩეთში შევიდნენ. მეჩეთი რამზესის მოედანზე მდებარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, მეჩეთს „ძმები მუსლიმების" ათასამდე მხარდამჭერი აფარებდა თავს.
ეგვიპტის ტელეარხ CBC-ის ინფორმაციით, ამჟამად მეჩეთში 400-მდე ადამიანი რჩება.
გასულ ღამეს სამართალდამცავების მცდელობა, მეჩეთი შტურმით აეღოთ, უშედეგო აღმოჩნდა.
მხარები ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაში დებენ ბრალს, თუმცა ამ დროისთვის მეჩეთთან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
გაეროს ადამიანის უფლებთა კომისარმა ნავი პილაიმ ხელისუფლებას მოუწოდა მანიფესტანტების წიონააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი არ გამოიყენოს. მანვე აღნიშნა, რომ ხელისუფლებასთან დაპირისპირებულ ძალებს ძალადობის პროვოცირებითვის პასუხისმგებლობა ეკისრებთ.
შეგახსენებთ, გუშინ 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ეგვიპტის სხვადასხვა რეგიონებში, დამხობილი პრეზიდენტის მოჰამედ მუსრისა და სამართალდამცავთა შეტაკებისას.
ხელისუფლების ინფორმაცით, ქაიროში დაღუპულთა გარდა 25 ადამიანია დაღუპული ქვეყნის სხვადასხვა რაიონებში.
გუშინ ეგვიპეში დამხობილი პრეზიდენტის მომხრებმა „რისხვის მარში" გამართეს, რომლის ორგანიზატორი ისლამური მოძრაობა „ძმები მუსლიმები" იყო.
მოძრაობის ლიდერებმა მოსახლეობას ქაიროში „კარვების ქალაქის" დარბევის გამო, დემონსტრაციების გამართვისკენ მოუწოდეს.
„ძმები მუსლიმების" ლიდერები აცხადებენ, რომ მომავალი კვირა აქციების კვირა იქნება, რომელიც მთელს ეგვიპტეს მოიცავს.
შეგახსენებთ, რომ 14 აგვისტოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქაიროში „კარვების ქალაქი" დაარბიეს, სადაც პრეზიდენტ მუსრის მომხრები მჯდომარე პროტესტებს მართავდნენ.
შეტაკებების შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 638 ადამიანი. „ძმები მუსლიმების" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა ბევრად მეტია, თუმცა ამის დამადასტურებელი ფაქტები ამ ეტაპზე არ მოიპოვება.