სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრის ხათუნა კალმახელიძის განცხადებით ის, რაც ციხეებთან დაკავშირებით გამოვლინდა, მისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია და დაინტერესებულია, ხელი შეუწყოს გამოძიებას.
მთავარი პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ კალმახელიძემ აღნიშნა, რომ იგი მინისტრობისას ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი გაეკეთებინა პენიტენციალური სისტემისთვის და არასდროს იყო გულგრილი სისტემაში არსებული მდგომარეობის მიმართ, რაც გატარებულ რეფორმებში გამოიხატებოდა.
კალმახელიძემ განსაკუთრებული ყურადღება შეაჩერა გრძელვადიან პაემნებზე და სასჯელაღსულების დაწესებულებებში ჯანდაცვის სისტემაზე.
"გავატარე ისეთი რეფორმები, როგორიცაა გრძელვადიანი პაემანი. ეს საშუალებას აძლევდა პატიმარს 24-საათის განმავლობაში, წელიწადში რამდენჯერმე ყოფილიყო ოჯახის წევრებთან ერთად. პრაქტიკულად თავდაყირა დავაყენეთ ჯანდაცვის სისტემა, რადგან რეალურად არაფერი არსებობდა. საუბარი იყო ისეთი სისტემის გამოჯანსაღებაზე, რომელიც აბსოლუტურად დაავადებული იყო. მსურდა სისტემისთვის შემემატა ის სტანდარტები, რაც მას ადამიანურობას შემატებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველამ ვიხილეთ ის, რაც ვნახეთ. სამწუხაროდ, ჩემი ძალისხმევა საკმარისი არ აღმოჩნდა", - განაცხადა ექს-მინიტრმა.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ კალმახელიძე მოწმის სტატუსით დაკითხა. საქმე პატიმართა წამებას და ციხეებში არაადამიანურ მოპყრობას ეხება. ამავე საქმეზე დიმიტრი შაშკინი და ბაჩანა ახალიაც დაიკითხებიან.