შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, გენერალ თამაზ თამაზაშვილის საქმეში ბრალდებულ ყოფილ სამართალდამცველებს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 1 000 -1 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
აღნიშნულ საქმეში ბრალდებულებს - თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს გიორგი ხიზანიშვილს, ირაკლი ქოპილაშვილს და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური დანაყოფის ყოფილ უფროსს ზურაბ ლალიაშვილს აღკვეთის ღონისძიება პროკურატურის შუამდგომლობით, გამოძიებასთან თანამშრომლობის საფუძველზე შეუმსუბუქდათ.
პროკურატურის ცნობით, აღნიშნული პირების დახმარებით შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, უდავოდ დადასტურებულია, რომ 2011 ოქტომბერში, თამაზ თამაზაშვილის დაკავება პოლიტიკური მოტივით განხორციელდა, რადგან კახეთის რეგიონში მისი ელექტორალური შესაძლებლობების განეიტრალება და იმდროინდელი ოპოზიციური მოძრაობის დისკრედიტაცია მომხდარიყო.
თამაზ თამაზაშვილის საქმეში ბრალდებულმა პირებმა შემსუბუქებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს თანხა 10 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.