შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ადვოკატების მტკიცებით, სამართლადამცველებმა სასულიერო პირს მათი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ ჩვენება იძულებით მიაცემინეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, "თავისუფლების და მხარდაჭერის ცენტრმა" ვიეომასალა გაავრცელა, სადაც ავჭალის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღოლი მამა ნიკოლოზი გამომძიებლის კახაბერ ჭუმბაძის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ზეწოლის, შანტაჟის და დაჭერის მუქარის ფაქტებზე საუბრობს.
სასულიერო პირის თქმით, იგი 13 აგვისტოს ქალაქის პროკურატურაში დაიბარეს და გამომძიებელმა ჭუმბაძემ შინაგან საქმეთა და თავდავცის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ ჩვენება ძალდატანებით მიაცემინა.
ბაჩო ახალაიას ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის განმარტებით, მამა ნიკოლოზს აიძულეს ხელი მოეწერა დოკუმენტზე, რომელშიც აღნიშნული იყო რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე დაკავებული ალანია, ბიბილურიძე, ღაჭავა და მეტრეველი ახალაიას რეკომენდაციით, სხვა პატიმრებთან შედარებით უკეთეს პირობებში იხდიდნენ სასჯელს.
"ამ განცხადებასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში პირდაპირ არის მუხლი, რომ პროკურორიც და გამომძიებელიც, ვინც დანაშაულის შესახებ ინფორმაციას მოისმენს, ვალდებულია დაიწყოს გამოძიება. სწორედ ამას ვითხოვთ, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს და ის პირები, ვინც უშუალოდ განახორციელეს ადამიანზე ძალადობა, პასუხისგებაში მიეცნენ,"- განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურაგანცხადებას დღის მეორე ნახევარში გააკეთებს.