"პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები უახლოეს დღეებში განადგურდება,"- ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების განადგურება იმის გამო გადაიდო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ფარული ჩანაწერების განადგურების საკითხზე მომუშავე სპეციალური კომისიის რამდენიმე წევრი საქართველოში არ იმყოფება.
"შეთანხმებისამებრ, დღეს უნდა განადგურებულიყო, მაგრამ ვინაიდან კომისიის ყველა წევრი საქართველოში არ იმყოფება, ალბათ რამდენიმე დღით განადგურება გადაიდება. მაგრამ, პროცედურა დაწყებულია, ჩვენ ყველა ასე ვთქვათ, საჭირო პროცედურები გავიარეთ, ჩვენ მზად ვართ, გადაწყვეტილება არ შეცვლილა. ეს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები უახლოეს დღეებში აუცილებლად განადგურდება, როგორც კი, კომისიის ყველა წევრი საქართველოში შეიკრიბება,"- განაცხადა ირაკლი ღაიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული ფარული ჩანაწერების 24 000 ფაილიდან 99 ერთეული, მოქალაქეთა პირადი ინტიმური ცხოვრების ამსახველი აღმოჩნდა. შსს-ში ფარული ჩანაწერების განადგურების საკითხზე მომუშავე სპეციალური კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, პირველ რიგში, ადამიანთა ინტიმური ცხოვრების ამსახველი ფირები განადგურდება, შემდგომ კი, ფარული ჩანაწერების დარჩენილი ნაწილის დახარსხება მოხდება, რის შემდეგაც, საკითხზე მომუშავე გაცილებით წარმომადგენლობითი კომისია შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.