შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების განადგურების მოსამზადებელი სამუშაოები სავარაუდოდ, დღეს დასრულდება.
როგორც პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე სპეციალური კომისიის წევრმა ლაშა ტუღუშმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, შსს-ში არსებული 24 000-მდე ვიდეოფაილიდან ამ ეტაპზე პირადი ინტიმური ცხოვრების ამსახველი 99 ჩანაწერი შეირჩა, რომლის განადგურებაც მოსამზადებელი სამუშაოების დასრულებიდან უმოკლეს დროში იგეგმება.
"მე დაახლოებით 2 კვირის წინანდელი მონაცემები ვიცი და საუბარია 99 ცალ ვიდეოფაილზე, რომლებიც უშუალოდ ადამინთა ინტიმურ ცხოვრებას ასახავს, თუმცა 24 000 ფაილიდან შესაძლოა, მსგავსი ხასიათის კიდევ აღმოჩნდეს. ეს არ არის ერთ წუთიანი ვიდეოები, ზოგ შემთხვევაში 1 საათიანი და უფრო ხანგრძლივი ჩანაწერებია. ჩვენმა კომისიამ ადრე განაცხადა, რომ მოსამზადებელი სამუშაოები 15 აგვისტომდე უნდა დასრულებულიყო, და ვფიქრობ, თითქმის ბოლოსკენ ვართ გასული. გუშინაც ძალიან გვიანამდე მიმდინარეობდა სამუშაოები. ასევე პროცესში ქალბატონი ქალდანიც ჩაერთო. რაც შეეხება უშუალოდ მოსამზადებელი სამუშაოების ეტაპებს: ჯერ ამ 24 000 ფაილიდან მხოლოდ ინტიმური ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები შეირჩა, შერჩევის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობდნენ. შემდეგ მოხდა ამ ჩანაწერების ისეთი ტექნიკური დამუშავება, რომ ვიდეოფირზე აღბეჭდილი პირების იდენტიფიცირება ვერ მომხდარიყო, შემდეგ დადგა სპეციალური დოკუმენტაცია, რომელიც თითოეული ფირის პარამეტრების შესახებ მონაცემებს შეიცავს - ხანგრძლივობას და ა.შ,"- განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ფარული ვიდეოჩანაწერების ნაწილის განადგურების მოსამზადებელი სამუშაოები დღეს დასრულდება, შემდეგ კომისიამ მათი განადგურების ფორმატზე უნდა იმსჯელოს.
"მე პირადად ვემხრობი და მაქვს მოსაზრება, რომ ამ ფირების განადგურება საჯაროდ, მედიის ზედამხედველობის ქვეშ უნდა მოხდეს, თუმცა ჯერ-ჯერობით ონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუ როგორ ვითარებაში მოხება განადგურება. ტექნიკურ საკითხებზე კომისია მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ იმსჯელებს,"- აღნიშნა ტუღუშმა.