საქართველოს მთავრობა მეღვინეებს და გლეხებს "რთველი 2013"-ზე მთელი რიგ სიახლეებს სთავაზობს.
როგორც დღეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ განაცხადა, მეღვინეებს გლეხებისგან ყურძნის მოსავლის შესაძენად სპეციალური შეღავათიანი, 15 თვიანი კრედიტით სარგებლობა შეეძლებათ და აღნიშნული კრედიტის საფასურის 9%-ის სუბსიდირებას სახელმწიფო მოახდენს.
ამასთან, მინისტრის თქმით, იმ მეღვინეებს, რომლებიც ყურძნის მოსავალს 1 ლარზე მეტ ფასად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან სპეციალური საშეღავათო პირობები შეექმნებათ.
"საქართველოს მთავრობამ "რთველი 2013"-ის წარმატებით ჩასატარებლად აქტიური მუშაობა დაიწყო. "რთველი 2013" პირველი გადადგმული ნაბიჯები იქნება იმისათვის, რომ ბაზარზე თამაშის ახალი წესები დამკვიდრდეს. იცით, რომ წინა პერიოდში სახელმწიფოს ჩარევა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სახელმწიფო გამოდიოდა როგორც ერთ-ერთი კონკურენტი მეღვნიეობის სექტორისა. მაგალითისათვის, 2012 წელს სახელმწიფომ მთელი მოსავლის დაახლოებით, 63% ჩაიბარა, რაც შესაბამისად, ნიშნავს, რომ კერძო სექტომა გაცილებით ნაკლები ჩაიბარა ვიდრე წინა პერიოდში. ჩვენ შევცვლით თამაშის წესებს. "რთველი 2013" იქნება ისეთი, რომ გლეხი უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს, ხოლო წარმოება კიდევ უფრო თანამედროვე. ეს წელი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით მთელ რიგ ცვლილებებს ვაპირებთ. კერძოდ, შეღავათიანი აგროკრედიტების პროექტს უკვე დაემატა მეხუთე კომპონენტი. კერძოდ, ეს არის სესხი მეღვინეებისათვის და მეღვინეები, ისინი, ინც მოსახლეობისგან ყურძენს იბარებენ, 15 თვიანი შეღავათიანი კრედიტის აღებას შეძლებენ, რომლის ღირებულებაც არაუმეტეს 6%-ისა იქნება, ანუ ისინი ამ სესხებს მაქსიმუმ 15%-ად აიღებენ, ხოლო სახელმწიფო დაასუბსიდირებს ამ სესხისა. ასევე სუბსიდირება როგორც წინა პერიოდში მოხდება, თუმცა ერთი დიდი განსხვავება არის ის, რომ ნაცვლად ვაუჩერების სახით სუბსიდირებისა, მეწარმეების პირდაპირი დახმარების წესით პირდაპირ დაფინანსება მოხდება და მათ საშუალება ექნებათ, რომ თუ ისინი კონდიციურ ყურძენში გადაიხდიან 1 ლარს ან უფრო მაღალ ფასს, შესაბამის სუბსიდირებას მიიღებენ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ისაა, რომ ეს სუბსიდირება 3 ჯიშზე გავრცელდება, ესენია: რქაწითელი, კახური მწვანე და საფერავი. ჩვენ გვქონდა საუბარი სექტორთან, ჩვენ ვთვლით, რომ "რთველი 2013" წარმატებული იქნება, მოსავალი იქნება კარგი და მევენახე შეძლებს კარგად, დროულად და მისთვის მისაღები პირობებით თავისი ჭირნახულის დაბინავებას, ხოლო კომპანიები, სექტორის წარმომადგენლები ხარისხიანი პროდუქციის წარმოებას შეზლებენ,"- განაცხადა შალვა ფიფიამ.