საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ ლიდერს ასლან აბაშიძეს საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში დააკავებენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ აღნიშნა, ასლან აბაშიძეს მის წინააღმდეგ აღძრულ ერთ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს, რის გამოც, 15 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
"გარდა აღნიშნული საქმისა, ამჟამად ბათუმის საგამოძიებო უწყება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ იმნაძის მკვლელობის, ხიდის აფეთქების და შეიარაღებული ფორმირებების ჩამოყალიბების საქმეებს იკვლევს, რომლებზეც ასლან აბაშიძის საბოლოო განაჩენი ჯერ არ დამდგარა. მას პატიმრობა 2007 წლის 22 იანვრის განაჩენის მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1960 წლის რედაქციის მიხედვით, 186-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 332-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების ბ და გ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მიესაჯა,"- განაცხადა ხათუნა პაიჭაძემ.
რაც შეეხება ასლან აბაშიძის შვილს, გიორგი აბაშიძეს, მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის განმარტებით, ამჟამად პროკურატურაში გიორგი აბაშიძის წინააღმდეგ საქმე აღძრული არ არის.
ამასთან, როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, ასლან აბაშიძე ინტერპოლით ძებნილთა სიაშია, გიორგი აბაშიძე კი, წითელი ცირკულარით არ იძებნება.
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მამა-შვილი აბაშიძეები საქართველოში დაბრუნებას გეგმავენ.