კომერციული ბანკები და საბანკო ასოციაცია, გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც 55 წელს ზემოთ მოქალაქეები ბანკიდან სესხს ვეღარ აიღებენ - დეზინფორმაციას უწოდებენ. საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განმარტავს, რომ მსგავსი შეზღუდვა არ არსებობს და არც სამომავლოდ იგეგმება.
„მსგავსი შეზღუდვა, რომ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები სესხებს ვეღარ აიღებენ არ არსებობს. ასეთი ბრძანებულება, დებულება თუ კანონი არ არსებობს. ელემენტარულად ეს იქნება დისკრიმინაცია და მსოფლიოში არსად ანალოგიური ნორმა არ მოქმედებს.
არსებობენ მაღალი რისკის მქონე ჯგუფები, 65 წლის ზემოთ მოქალაქეებზე ბანკები სესხებს უფრო მეტი მსჯელობის შემდეგ გასცემენ, მაგრამ ის, რომ 55 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე სესხები საერთოდ აღარ გაიცემა, ეს არის სიცრუე"- განაცხადა ზურაბ გვასალია, მსგავსი ნორმის არსებობას არ ადასტურებენ სებ-შიც, სადაც განმარტავენ, რომ რეგულაცია, რომელიც ბანკებს 55 წელს ზემოთ მოქალაქეებზე სესხის გაცემას კრძალავს, არ არსებობს.