ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გუშინ ქვეშში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ.
„10 აგვისტოს, დაახლოებით დილის 11:00 საათზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია თავის ყოველდღიურ მონიტორინგს ახორციელებდა ქვეშის მიმდებარე ტერიტორიაზე. ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მეორე მხრიდან გასროლა მას შემდეგ მოხდა, რაც ქართული პოლიციის მანქანა გამოჩნდა და მოტრიალდა ბარიერის წინ, რომელსაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული პერსონალი აკონტროლებს. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ქართული პოლიცია გაეცალა ინციდენტის ადგილს.
2008 წლის ომის წლისთავზე, ევროკავშირის მონიტორინგის მისია მოუწოდებს ყველა მხარეს გამოიჩინონ უკიდურესი თავშეკავება და თავი შეიკავონ პროვოკაციისგან",- ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ძალოვანმა უწყებამ ქვეშში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაცია გუშინ გაავრცელა.
ოსური მხარის ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების საზღვრის დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ ჩატარებულ საქმის განხილვას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და ევროკავშირის სამშვიდობო მისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ქართულმა მხარემ აღიარა საზღვრის დარღვევის ფაქტი, და ასევე ის რომ ჰაერში გასროლა მოხდა გაფრთხილების მიზნით",-აღნიშნულია ოსური მხარის ინფორმაციაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მხრიდან ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოძრავი შინაგან საქმეთა სამინისტროს მობილური პატრულის ეკიპაჟის მიმართულებით უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ერთი გასროლა განახორციელეს.
სამინისტრო მკაცრად გმობს მომხდარს და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებში ჩართულ ყველა მხარეს ინციდენტის სიღრმისეული გამოძიებისკენ მოუწოდებს.