ბათუმში დაკარგული დარეჯან დიასამიძის ძებნა უკვე მეხუთე დღეა, უშედეგოდ გრძელდება.
12-ე კლასის გოგონას სამძებრო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებითი ჯგუფიც ჩაერთო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსის ვალერიან თელიას განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დარეჯან დიასამიძის გაუჩინარების საქმე პირად კონტროლზე აქვს აყვანილი.
„დღეის მდგომარეობით, აქტიურად არის ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფი. დამატებითი ძალები არის გამოძახებული. შინაგან საქმეთა მინისტრს პირად კონტროლზე აქვს აღნიშნული საქმე აყვანილი და საათობრივად ვახსენებთ დღის განმავლობაში ჩვენს მიერ გატარებული ყველა სამძებრო ღონისძიებების შესახებ. აქედან გამომდინარე მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დარეჯან დიასამიძის უგზო-უკვლოდ დაკარგვის ფაქტი დროულად იქნეს გამოძიებული და გარკვეული თუ სად იმყოფება იგი და როგორია მისი ამჟამინდელი მდგომარეობა. ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს ყველა ღონისძიება, მობილიზებულია ყველა რესურსი, რაც კი არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროში და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მალე დადგეს შედეგი,"- განაცხადა ვალერიან თელიამ.
ცნობისთვის, დარეჯან დიასამიძის კვალი სოფელ ქვედა სამებიდან 7 აგვისტოს დაიკარგა.
დაკარგული გოგონას ფოტოები ბათუმში მთელი ქალაქის მასშტაბით ქუჩებშია გამოკრული და ოჯახი დახმარებას ითხოვს