აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აფხაზეთის მთავრობის მედიაცენტრიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, დღეს, 2 მარტს, დაგეგმილია აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის დალი ხომერიკის ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა. შეხვედრისას ბარამია საქართველოში რუსეთის აგრესიაზე და ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრებს.
3 მარტს ბარამია ლევილის ქართველთა სასაფლაოს ეწვევა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, არზაყან ემხვარის საფლავს გვირგვინით შეამკობს.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ლევილის ქართველთა სასაფლაოდან აფხაზ ხალხს კიდევ ერთხელ მიმართავს და ქართველ და აფხაზ დედებს დედის დღეს მიულოცავს. აფხაზი ხალხისადმი მიმართვისას ბარამია საფრანგეთის მხრიდან რუსეთისთვის "მისტრალის" მიყიდვის საკითხსაც შეეხება.
ბარამიას სამუშაო ვიზიტი საფრანგეთში 5 მარტს დასრულდება.