შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელბმა საქართველოს პრეზიდენტის ზუგდიდის რეზიდენციაში შეჭრის მცდელობისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია "დაიცავი საქართველოს" ხელმძღვანელი კახა მიქაია დააკვეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, მიქაიას დაკავება გუშინ საღამოს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მიქაია ქვეყნის პირველი პირის რეზიდენციაში შეჭრას მაშინ ცდილობდა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნულ შენობაში "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრთან ერთად იმყოფებოდა.
მიქაიას დაკავების პარალელურად, ზუგდიდის საპრეზიდენტო რეზიდენციასთან რამდენიმე ასეული ადამიანის მონაწილეობით საპროტესტო აქციაც გაიმართა.
დაკავებულ მიქაიას ბრალად წვრილმანი ხულიგნობა ედება. გამოძიება ამინისტრაციული კოდექსით გათვალისიწნებული 166-ე მუხლით მიმდინარეობს.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი ზუგდიდში საპარლამენტო უმცირესობის წევრებთან ერთად გუშინ გაემგზავრა და ჩხოროწყუს რაიონში მდებარე ტობავარჩხილის ტბაზე სამ დღეს გაატარებს.
მისი თქმით, ბოლო 10 თვეა კაბინეტში უწევს ყოფნა და "ამაზე საშინელი საერთოდ არაფერი არ არის".
"ბოლო ათი თვეა ვზივარ კაბინეტში და მეზიზღება ეს ფაქტი. არც არაფერი არ ხდება. კაბინეტში ჯდომაზე საშინელება საერთოდ არაფერი არ არის. ამიტომ მივდივარ ახლა ტობავარჩხილის ტბაზე ფეხით. ოღონდ გავექცე კაბინეტს და აქაურობაზე ფიქრს", - განაცხადა სააკაშვილმა.