მოქალაქე ანზორ კირცხალია ძველი თბილისის პოლიციის 7-ე განყოფილების ყოფილ უფროსს ზურაბ პავლიაშვილს მისი კუთვნილი 2006 წელს გამოშვებული "მიცუბიშის" მარკის ავტომანქანის წართმევასა და მისაკუთრებაში ადანაშაულებს.
როგორც კირცხალიას უფლებების დამცველმა ადვოკატმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება რუსეთში განვადებით შეიძინა და ამის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი ხელთ აქვს.
ამასთან, დაზარალებული კირცხალიას თქმით, "ყოფილი ხელისუფლების პირობებში მისთვის წართმეული ავტომობილის დაბრუნების ყველა მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა, თუმცა ამ კუთხით მდგომარეობა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგაც არ შეცვლილა".
"2011 წელს ავტომანქანა ძველი თბილისის პოლიციაში ვინმე ნატალია ტაკოვას სახელით შესული განაცხადის საფუძველზე ჩამომართვეს, რომელიც აცხადებდა, რომ აღნიშნული ავტომობილი მისი საკუთრება იყო,"- განაცხადა ანზორ კირცხალიამ.
ანზორ კირცხალიას განცხადებით, მისი კუთვნილი ავტომანქანის საქმის გამოძიების თხოვნით, ახალი ხელისუფლების პირობებში მან დაახლოებით 6-ჯერ მიმართა ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს - შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარ პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს და პრემიერ-მინისტრსაც, თუმცა მის არც ერთ განცხადებას რეაგირება არ მოჰყოლია.
"დავწერე განცხადებები წულუკიანის, კბილაშვილის, ღარიბაშვილის და ბიძინა ივანიშვილის სახელზეც, თუმცა არც ერთი მათგანი შედეგიანად არ დასრულებულა. იუსტიციის სამინისტროში შეტანილი განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს ეგზავნებოდა, შსს-ში შეტანილი იუსტიციის სამინისტროს და ასე შემდეგ. დაახლოებით ერთი თვის წინ ამავე მოთხოვნით მთავარ პროკურატურასთან აქციაც გავმართეთ, ჩამოვიდა დაზარალებულების საკითხებზე მომუშავე კბილაშვილის თანაშემწე, გადავეცით ინფორმაცია, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არანაირი არ ყოფილა,"- განაცხადა კირცხალიამ.
ამასთან, კირცხალიას თქმით, რადგან ავტომობილის დაბრუნების ყველა სამართლბრივი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, იძულებულია პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას მიმართოს.
"ხვალ 15:00 საათიდან მეუღლესთან ერთად პროკურატურასთან შიმშილობის დაწყებას ვაპირებ და პროტესტი მანამ გაგრძელდება, სანამ სამართალდამცველების მხრიდან ჩემი საქმის საკითხზე რაიმე ძვრა არ იქნება,"- აღნიშნა კირცხალიამ.
დაზარალებული კირცხალიას ადვოკატის თქმით, აღნიშნული ავტომობილის ამჟამინდელი მდებარეობაც უცნობია, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განაცხადეს, რომ მანქანა რუსეთის ფედერაციის სანომრე ნიშნებით იყო და საქართველოში დროებითი მოხმარების რეჟიმით შემოყვანილი ტრანსპორტის ადგილმდებარეობის და მისი მესაკუთრის დადგენა შეუძლებელია.
ადოკატის თქმით, აღნიშნული საქმის გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა და დაახლოებით 5 თვეა, საკითხი წინასაგამოძიებო პროცესშია გაჩერებული.