სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს თომას ჰამარბერგს შეხვდა. ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის პრესცენტრი იუწყება.
ჰამარბერგის საქართველოში ვიზიტის მთავარი თემა კვლავ ქართული და ოსური მხარეების მიერ დაკავებულთა გათავისუფლება და რუსეთ-საქართველოს ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებაა.
სახალხო დამცველის აპარატის პრესცენტრის განცხადებით, შეხვედრაზე ტუღუშმა მიმართა ადამიანის უფლებათა კომისარს, მაქსიმალური ყურადღება დაუთმოს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან და ყველა შესაძლო რესურსი გამოიყენოს მათ გასათავისუფლებლად. ტუღუშმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა 6 თვის წინ ლამისყანიდან გატაცებული შეშისმჭრელების გათავისუფლების საკითხზე. აღსანიშნავია, რომ ჰამარბერგთან შეხვედრამდე სახალხო დამცველი შეხვდა გატაცებულთა ოჯახის წევრებს და მათი პრობლემები მოისმინა. სახალხო დამცველი დაინტერესდა, არსებობს თუ არა რაიმე საშუალება, რომ ოჯახის წევრებმა დაკავებული ახლობლები მოინახულონ.
ჰამარბერგმა განაცხადა, რომ ცხინვალში ვიზიტის დროს განიხილავს აღნიშნულ საკითხებს, თუმცა მხარეებს შორის დაძაბული ურთიერთობის გამო, პრობლემების დადებითად გადაწყვეტა შესაძლოა გართულდეს.