მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრებმა საპარლამენტო უმრავლესობას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. დღეს, 7 აგვისტოს, ქ. ქუთაისში, საქართველოს პარლამენტში გაიმართა შეხვედრა საქართველოს ფინანსთა მნისტრ ნოდარ ხადურს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ნარმანიას და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილსა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის.
მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრების განცხადებით წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც „ნაციონალური" ხელისუფლება ეკონომიკური ზრდის იმიტაციას არაეფექტიანი პროექტებით ახორციელებდა, დღეს, საქართველოს ხელისუფლება ორიენტირებულია გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც ქვეყნის თითოეული მოქალაქის კეთლიდღეობაზე აისახება.
„საქართველოს პარლამენტის უმრავლესობას მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია ქვეყნის ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების კუთხით არსებულ ვითარებაზე. საქრთველოს 2013 წლის ბიუჯეტში ხელისუფლების მიერ გათვალისწინებული ყველა ვალდებულება იქნება შესრულებული. სრულად დაფინანსდება ყველა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის ის გაზრდილი პენსია, რომელიც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, პირველი სექტემბრიდან უკვე მეორედ გაიზრდება და 150 ლარს მიაღწევს". -განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გააკეთა. მისი განცხადებით ეკონომიკური გუნდისგან საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო ამომწურავი ინფორმაცია ახალი ინვესტიციების და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თაობაზე, მისი თქმით, უახლოეს ხანებში აღნიშნული მიმართულებით სერიოზული გააქტიურებაა მოსალოდნელი.