ქუთაისის საპატიმროში გარდაცვლილი 29 წლის კობა აფხაიძის ოჯახის წევრები მისი გარდაცვალების მიზეზად წამებას ასახელებენ.
პატიმრის ოჯახის წევრთა ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას ეფუძნება.
მათი თქმით, გარდაცვლილს სხეულზე ბლაგვი საგნით მიყენებული სიცოცლისდროინდელი სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა და თავის ჩამოხრჩობის ვერსიის შემთხვევაში, აღნიშნული დაზიანებები გაუმართლებელია.
"გამომძიებელს დაფიქსირებული აქვს, რომ ბაზრობაზე ნაყიდი თოკი იყო ციხეში. საიდან მოვიდა თოკი ციხეში?! ხელში შემოაკვდათ და დააფიქსირეს, თითქოს ჩამომხრჩვალია. გარდაცვლილს სხეულზე ბლაგვი საგნით მიყენებული სიცოცლისდროინდელი სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. თავი თუ ჩამოიხრჩო, სისხლნაჟღენთებს რა გამართლება აქვს?! თავისით თავს არ იცემდა და შემდეგ თავს არ მოიკლავდა. თანასაკნელები თავდაპირველად გარდაცვალების შესახებ ამბობდნენ ერთს, მოგვიანებით კი, ჩვენება შეცვალეს. ამბობდნენ, რომ პატარა ყელსაბამით იყო ჩამოკიდებული ტუალეტის კარებზე. შემდეგ კი, როგორც ჩემთვისაა ცნობილი საბოლოო ჩვენებაში დააფიქსირეს, რომ გარდაცვლილი ფანჯრის რაფაზე იპოვეს. "- განაცხადა გარდაცლილი პატიმრის ოჯახის წევრმა.
ამასთან, 29 წლის კობა აფხაიძის ოჯახის წევრები საქმის ობიექტურად გამოძიებას და სასჯელაღსრულების რუსთავის 2-ე დაწესებულების ხელმძღვანელი პირების დაუყოვნებლივ დასჯას მოითხოვენ.
"უფროსიდან დაწყებული ყველამ უნდა აგოს პასუხი. ხელმღღვანელი პირებით დაწყებული, მათით დამთავრებული, ვისაც პატიმრებზე ზედამხედველობა ევალებოდა,"- აცხადებენ გარდაცვლილი პატიმრის ოჯახში.
აღნიშნულ საქმეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარიც გამოეხმაურა რომელმაც ამ თემაზე კომენტარი ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ გააკეთა და განმარტა, რომ აფხაიძე სხვადასხვა დაზიანებით გარდაიცვალა, თუმცა მინისტრმა დღეს ეს ინფორმაცია შეცვალა.
"უკაცრავად, მე შემეშალა სხვა გვარი მეგონა როდესაც ქუთაისის ციხე ახსენეს. მე მეგონა იმ ადამიანზე იყო საუბარი, რომელზეც თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი იყო ნარკოტიკით გარდაცვლილი. მე ეჭვი არ შემიტანია, იმიტომ, რომ არ გამოვრიცხავდი, რომ ეს შესაძლებელი ყოფილიყო. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ არანაირ ნარკოტიკთან საქმე არ გვქონია,"- განაცხადა სოზარ სუბარმა.
პატიმარ კობა აფხაიძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატსაც მიეწოდა. ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლების თქმით, საბოლოო დასკვნების გამოტანა მხოლოდ საქმეზე მიმდინარე გამოძიების შემდეგ შეიძლება.
"ჯერ-ჯერობით გასარკვევია, რა გზით მიიღო მან ეს დაზიანებები და ამას პასუხი ექსპერტიზამ უნდა გასცეს და შემდეგ უკვე გამოძიებამ უნდა დაადგინოს რა გარემოებებში იქნა მიღებული ეს დაზიანებები - არის ეს საყოფაცხოვრებო ტრავმა თუ მესამე პირის მიერ მიყენებული დაზიანებაა,"- განაცხადეს სახალხო დამცველის აპარატში.
აღნიშნული შემთხვევა ქუთაისის 2-ე დაწესებულებაში მიმდინარე წლის პირველ მაისს მოხდა და ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადებული დასკვნის შედეგები ცნობილი დღეს გახდა.
შეგახსენებთ, რომ 29 წლის კობა აფხაიძე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის დააკავეს და მას წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. სასამართლო პროცესი ჩანიშნული 3 მაისს იყო, თუმცა ბრალდებული 1 მაისს საკანში გარდაცვლილი იპოვეს.