26 მლნ 872 ათას 418 ლარი სრული, ხოლო 225 მლნ 343 ათას 344 ლარი ნაწილობრივი დაკმაყოფილება გადასახადის გადამხდელთა სასარგებლოდ - ასეთია შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოს საქმიანობის 2013 წლის ორი კვარტალის შედეგი.
შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოს მიმართ გადასახადის გადამხდელთა განსაკუთრებული ინტერესის გათვალისწინებით, უწყება დავების საბჭოს 2013 წლის ორი კვარტალის საქმიანობის შედეგებს აქვეყნბს.
შემოსავლების სამსახურმა 2013 წლის იანვარი-ივნისის განმავლობაში 5517 საჩივარი განიხილა, აქედან 1585 საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სრულად დაკმაყოფილდა 547 საჩივარი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 2186 საჩივარი. აღნიშნულ პერიოდში გადამხდელების მიერ გასაჩივრებულმა სადავო თანხამ 363 194 467 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველმა ორგანომ, კეთილსინდისიერი გადამხდელის პრინციპიდან გამომდინარე, 317 გადამხდელი დარიცხული სანქციისაგან გაათავისუფლა.
2013 წლის პირველ ორ კვარტალში შემოსავლების სამსახურში ასევე წარმოდგენილი იყო 1199 საჩივარი, სადავო 67 213 657 ლარის ოდენობით. აღნიშნული საჩივრები განუხილველი დარჩა, რადგან კანონმდებლობის შესაბამისად, შემოსავლების სამსახური არ არის უფლებამოსილი არსებითად იმსჯელოს გასაჩივრებულ საკითხზე.
შემოსავლების სამსახურში განხილულ საჩივრებზე გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, ზემდგომ ინსტანციაში, ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, გადამხდელთა 15%-ზე ნაკლებმა განაგრძო დავა.
აღსანიშნავია ისიც, რომ, ზოგადად შემოსავლების სამსახურის, ასევე დავების საბჭოს საქმიანობა მაქსიმალურად გამჭვირვალე გახდა. 2013 წლიდან, შემოსავლების სამსახურის შეთავაზების თანახმად, დავების საბჭო ღიაა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენელთათვის.