საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერ ზურაბ აბაშიძის განცახდებით, "რუსეთზე არ არის დამოკიდებული საქართველო გახდება თუ არა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი".
როგორც აბაშიძემ რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის მიერ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა, "მედვედევს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების თაობაზე დაფიქსირებული პოზიციით ახალი არაფერი უთქვამს".
"რუსეთის მხრიდან და რუსეთის ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა და პირველადი ნათქვამი არაა, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. მაგრამ, რუსეთზე არ არის დამოკიდებული საქართველო გახდება თუ არა ევროატლანტიკური უსაფრთხოების წევრი. ეს დამოკიდებულია საქართველოზე, მის სწრაფვაზე და ქართველი ხალხის მონდომებაზე და ბუნებრივია, იმ წევრ სახემწიფოებზე, რომლებიც ამ გაერთიანებაში არიან. ასე რომ, რუსეთი საქართველოს ვერანაირად ვერ შეუშლის ხელს, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ქართველი ხალხის გადაწყვეტილებაა. პუტინი იქნება, მედვედევი თუ კრემლის სხვა წარმომადგენელი, მათი პოზიცია სრულიად ნათელია,"- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ცნობისთვის, რუსეთის ფედრაციის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ "თუ საქართველო გახდება სხვა სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის წევრი, რუსეთის ფედერაციას ამ ფაქტის იგნორირება არ შეუძლია".
მისივე თქმით, "ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება არჩევანი ამა თუ იმ სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის სასარგებლოდ გააკეთოს, თუმცა, რუსეთს, როგორც დიდი ბირთვული არსენალის მქონე ქვეყანას, ამ ფაქტის იგნორირება არ შეუძლია”.
„თუ საქართველო, ან ნებისმიერი სხვა ქვეყანა - არ აქვს მნიშვნელობა, უკრაინა, ან სხვა რომელიმე, გახდება სხვა სამხედრო- პოლიტიკური ალიანსის წევრი, ჩვენ ამ ფაქტის იგნორირება არ შეგვიძლია. ეს საქართველოსთვისაც ცუდია. თქვენ ამით თითქმის არაფერი შეგემატებათ, რადგან თანამედროვე მსოფლიოში სამხედრო კონფლიქტები დაუშვებელია. სხვათა შორის, ეს მაგალითი აჩვენებს, რომ არ გამართლდა ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის გათვლა იმაზე, რომ მსგავს სიტუაციებში ნატო არ მისცემდა ჩარევის საშუალებას, ან კიდევ რაღაც მოხდებოდა. ეს იმიტომ, რომ საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა სხვა, გაცილებით უფრო სერიოზული ფასეულობები. ასე რომ, ამ შემთხვევაშიც არაფერი შეემატება საქართველოს, როგორც სუვერენულ, კარგად განვითარებად ქვეყანას, ამავე დროს კი ჩვენ ქვეყნებს შორის შექმნის მრავალწლიანი დაძაბულობის წყაროს", - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.