საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა და საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ერთობლივი პროექტის განხორციელება დაიწყეს, რომლის მიზანია საქართველოში დონორი ორგანიზაციების, მათ შორის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების კოორდინაციის მექანიზმის შექმნა.
პროექტის ფარგლებში უნდა დაინერგოს თანამედროვე ინტერნეტ-ტექნოლოგიებზე დაფუძნებული კომპიუტერული სისტემა, რომელშიც თავმოყრილი იქნება ყოვლისმომცველი ინფორმაცია დონორების მიერ დაფინანსებული ყველა საერთაშორისო პროექტისა და მათი მიმდინარეობის შესახებ.
ეს არის ახალი ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს მთავრობას მარტივად მართოს და მონიტორინგი გაუწიოს ყველა საერთაშორისო დახმარებას.
სისტემაში ჩართული იქნება როგორც საქართველოს მთავრობა, ისე სხვა მოსარგებლე სახელმწიფო უწყებები, ასევე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები და პროექტის განმახორციელებელი მხარეები.
სისტემა ფუნქციონირებას 2014 წლის 1 იანვარს დაიწყებს.