ტრანსანატოლიის გაზსადენის (TANAP ) მშენებლობისათვის პირველი ტენდერები უკვე გამოცხადდა. თურქული მედიის ინფორმაციით, სატენდერო წინადადებების მიხედვით, მილების შესყიდვაზე ტენდერი 27 აგვისტოს სრულდება, ხოლო გაზსადენისა და სადგურის მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერის საბოლოო ვადა 27 სექტემბერია.
როგორც ცნობილია, TANAP -ის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დაიწყოს. თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის პროექტის განხორციელებაზე შესაბამისი ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია. პროექტის რეალიზაციისთვის საკანონმდებლო ბაზაც მოსაწესრიგებელია და რაზეც მუშაობა უკვე დაწყებულია. გაზსადენის მშენებლობა, პროექტის თანახმად, 2017-2018 წლებში უნდა დასრულდეს. საწყის ეტაპზე მილსადენით 16 მლრდ კუბ/მ ბუნებრივი აირის გატარებაა დაგეგმილი, ხოლო 2023 წლისთვის გაზსადენის გამტარუნარიანობა 23 მლრდ კუბ/მ-მდე უნდა გაიზარდოს. 2026 წლიდან კი გაზსადენმა, გეგმის მიხედვით წელიწადში 31 მლრდ კუბ/მ ბუნებრივი აირი უნდა გაატაროს.
აღსანიშნავია, რომ TANAP-ი განკუთვნილია აზერბაიჯანული გაზის თურქეთში ტრანსპორტირებისთვის.
უნდა აღინიშნოს, რომ TANAP-ი Nabucco-ს ალერნატივადაა მიჩნეული.