საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "10 თვის ბარბარე რაფალიანცის საქმის გახსნა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში უნდა მომხდარიყო".
ამის შესახებ მინისტრმა დღეს თელავის საპატრულო პლიციისათვის ახალი საპატრულო ეკიპაჟების გადაცემის საზეიმო ცერემონიალის დასრულების შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ "ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, საქართველოს ახალი მთავრობა პასუხისმგებლობას და ვალდებულებას არ გაურბის"..
"მინდა, შევახსენო წინა ხელისუფლება, რომ ჩვენ სამინისტროში დავინიშნეთ 25 ოქტომბერს. პრაქტიკულად, 1 ნოემბერს შევუდექით საქმიანობას. მანამდე ერთი თვე ჯერ კიდევ წინა ხელისუფლება იყო და ის ასრულებდა მოვალეობებს. სწორედ ამ პერიოდში უნდა მომხდარიყო ამ დანაშაულის გახსნა. სამწუხაროა, კიდევ ვამბობ, მაგრამ ეს არ მიხსნის ვალდებულებას, რომ ეს საქმე იყო გამოძიებული და ბოლომდე მიყვანილი. ეს ასეც იქნება, უბრალოდ დროში გაიწელა, ვინაიდან გართულდა ამ საქმის გამოძიება, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ, მათგან განსხვავებით, პასუხისმგებლობას და ვალდებულებას არ გავურბივართ. პირიქით, მათ მიერ გაფუჭებულ საქმეებზე ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე 10 თვის ბარბარე რაფალიანცი კახეთში, საკუთარ სახლში, ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს.
მომხდარი კოალიცია „ქართული ოცნების" გურჯაანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მანანა ბერიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" მიერ შეკვეთილ მკვლელობად შეაფასა და „ნაცმოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიორგი ღვინიაშვილის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა.
თუმცა მსახიობი გივი ბერიკაშვილი მისი შვილის, ამჟამად უკვე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის მანანა ბერიკაშვილის მიერ 10 თვის ბარბარე რაფაელიანცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ „შესაძლოა, ბავშვი თავისით გარდაიცვალა".
„მე რა შეფასება უნდა მივცე?! - ეს არის საზიზღრობა, რა თქმა უნდა, თუ ეს სიმართლეა, რასაც ლაპარაკობენ, თუ სიმართლეა, საქმე გვაქვს დიდ დანაშაულთან - საშინელებასთან, მაგრამ მე თუ მკითხავთ, არ მჯერა, რომ ეს ასეა - შეიძლება, ბავშვი თავისით გარდაიცვალა",- განაცხადა გივი ბერიკაშვილმა.
საქმე დღემდე გაუხსნელია, მისი გამოძიება შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირად კონტროლზე აიყვანა და განაცხადა, რომ „ფაქტების დაფარვის გამო საქმის დროულად გახსნა გაძნელდა".
ამასთან, რაფალიანცის საქმის გამოძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გარდაცვლილი ჩვილის ოჯახის რამდენიმე წევრი სიცრუის დეტექტორზეც შეამოწმეს.
ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრები შსს-ს საქმის გამოძიების გაჭიანურების გამო არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებენ და არნიშნული საქმის მთავარი პროკურატურისთვის გადაცემას ითხოვენ.