75 წლის მართლმადიდებელი მამაო, მღვდელი პაველ ადელგეიმი, რომელიც ცნობილი იყო თავის პუბლიცისტიკითა და ღვთისმეტყველებით, საკუთარ ბინაში დანის დარტყმით მოკლეს.
შემთხვევა რუსეთის ქალაქ ფსკოვში მოხდა.
„ფსკოვში დანის დარტყმით თავის საკუთარ სახლში მამაპავლე მოკლეს. მკვლელი მოსკოველი მამაკაცია, გვარად პშელინცევი. 27 წლის. ის სამი დღის განმავლობაში მამა პავლეს სახლში ცხოვრობდა ჯერ ჯერობით დაუდგენელი მოსკოვში მცხოვრები ქალის თხოვნით.
შესაძლოა, ვინმეს ეგონა, რომ მამაოს სიტყვა სულით დაავადებულს განკურნავდა", - დაწერა თავის ბლოგში ჟურნალისტმა და ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატმა ლევ შლოსბერგმა.
მისივე ინფორმაციით, მამაო და მისი სტუმარი სამზარეულოში საუბრობდდნენ, როდესაც სტუმარმა დანას დასტაცა ხელი და მოძღვარს მუცელში ჩაარტყა. ამის შემდეგ მან დანა ორჯერ თავად დაირტყა. მკვლელი ამჟამად საავადმყოფოშია, მას ოპერაციას უკეთებენ. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.