საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გეგუთის 14-ე საპატიმროში გარდაცვლილ პატიმარ ლევან კორტავას საქმესთან დაკავშირებით გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას პასუხობს.
უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, პატიმრის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, სასჯელაღსრულების დაწესებულების რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი თანამდებობიდან გათავისუფლდა, მათ შორის არიან სამართალდამცავი რეჟიმის განყოფლების უფროსი ოთარ გულიაშვილი და უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ოთარ მარდალეიშვილი.
"გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაცვლილი მსჯვარდებულის ლევან კორტავას საქმესთან დაკავშირებით დღეს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა. გვსურს განვაცხადოთ, რომ ლევან კორტავას გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, 2013 წლის 28 მაისს, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდნენ შემდეგი პირები: გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი მალხაზ სინაურიძე; გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის მოადგილე თენგიზ კუჭავა; გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის მოადგილე ივერი გოგიბერიძე. 2013 წლის 4 ივნისს დაკავებული თანამდებობები დატოვეს სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსმა ოთარ გულიაშვილმა და უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა ოთარ მარდალეიშვილმა. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში არასწორადაა ციტირებული პროკურატურის განცხადება, თითქოს, „გეგუთის ციხის თანამშრომელი პატიმარზე უკანონო ზეგავლენის მოხდენას ავალებდა იმავე დაწესებულების სხვა პატიმრებს, რომელთაც სავარაუდოდ გარკვეული კრიმინალური ავტორიტეტი გააჩნდათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში", სინამდვილეში, ზუსტი ციტირება ასეთია: „გეგუთის დაწესებულების თანამშრომელმა მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის უგულვებელყოფით, კონფლიქტური სიტუაციის გარკვევა დაავალა ერთ-ერთ მსჯავრდებულს". რაც შეეხება სასჯელაღსრულების სისტემის მონიტორინგს, მას აწარმოებს სახალხო დამცველი და მასთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმი, რომლის შემადგენლობა, წინა წლებთან შედარებით, რამდენჯერმე გაიზარდა და მასში მონაწილეობს 20 სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომლებმაც უკვე გაიარეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტრენინგი,"- ნათქვამია სასჯელაღსრულების, პრბაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გეგუთის ციხის ხელმძღვანელი პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას თხოვნით გუშინ მიმართა.
ამასთან, ორგანიზაციებმა: "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "კონსტიტუციის 42-ე მუხლი", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" და "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის იმდაგვარი მოდელის შემუშავებისკენ მოუწოდეს, რომელიც ციხეში არაფორმალური მართველობის განხორციელების საშუალებას მინიმუმამდე დაიყვანს.
"როგორც ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაცია ცხადყოფს, 2013 წლის 12 მაისს ლევან კორტავა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის #6 დაწესებულებიდან გეგუთის #14 დაწესებულებაში გადაიყვანეს. გეგუთის ციხეში განთავსებისას, ლევან კორტავასა და უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ - ილია შანშაშვილს შორის, ფსიქოტროპული პრეპარატების გაცემასთან დაკავშირებით შელაპარაკება მოხდა. ილია შანშაშვილმა ლევან კორტავასთან კონფლიქტური სიტუაციის გარკვევა მსჯავრდებულ შოთა სინაურიძეს დაავალა, რასაც მოჰყვა რამდენიმე პატიმარის მიერ ლევან კორტავას განსაკუთრებული სისასტიკით ცემა, რომლის დროსაც მიყენებული დაზიანებების გამო ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციითვე, გამოძიების მიმდინარეობისას დაკავებულები არიან როგორც პატიმრის ცემაში უშუალოდ მონაწილე პირები, ასევე გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელი ილია შანშაშვილი. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბრალდება ასევე წარედგინებათ: სამსახურეობრივი გულგრილობისთვის დაწესებულების თანამშრომლებს - გიგა კოხოძესა და ალექსანდრე ბაბუნაშვილს, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ჩადენისათვის - თენგიზ ნასარეიას. ვინაიდან მაღალი ალბათობით დგინდება ციხეში ე.წ. "მაყურებლების" არსებობა, აუცილებელია პროკურატურამ შეისწავლოს ამ ფაქტთან ციხის უფროსის, ბატონი მალხაზ სინაურიძის კავშირის საკითხი. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მალხაზ სინაურიძეს 2006 წელს მომხდარი ციხის ბუნტის საქმეზე მიცემული აქვს ჩვენება რამდენიმე პატიმრის წინააღმდეგ. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სინაურიძემ ჩვენება თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ შეცვალა და განაცხადა, რომ ციხის ბუნტის ორგანიზატორი ბაჩო ახალაია იყო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩვენების შეცვლიდან დაახლოებით ერთ კვირაში იგი გეგუთის ციხის უფროსად დაინიშნა. გვინდა გამოვხატოთ ჩვენი უკიდურესი შეშფოთება გეგუთის ციხეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. საგანგაშოა, რომ გამოძიების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გეგუთის ციხის თანამშრომელი პატიმარზე უკანონო ზეგავლენის მოხდენას (რასაც მოყვა პატიმრის ცემა და საბოლოოდ გარდაცვალება) ავალებდა იმავე დაწესებულების სხვა პატიმრებს, რომელთაც სავარაუდოდ, გარკვეული კრიმინალური ავტორიტეტი გააჩნდათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენელთა მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ე.წ. მაყურებლები არიან. აღნიშნული განცხადება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფოს მხრიდან ხდება პრობლემის აღიარება, თუმცა მის აღმოსაფხვრელად აუცილებელია დროული და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა. მომხდარი ინციდენტი ცხადჰყოფს, რომ სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო რეაგირების შემთხვევაში, შესაძლოა, მსგავსი ტიპის ფაქტებმა, პატიმრებისა და ციხის თანამშრომლების შორის უკანონო კავშირებმა და დაწესებულებაში გარკვეული პატიმრებისთვის უპირატესობების მინიჭების შემთხვევებმა სისტემური ხასიათი მიიღოს. ნებისმიერი მსგავსი შემთხვევის გამოვლენისას სახელმწიფოს მიერ განხორციელებული რეაგირება უნდა იყოს ადეკვატური და დადგინდეს საკუთარი მოქმედებითა თუ უმოქმედობით, რამდენად მონაწილეობდნენ ხსენებული დანაშაულის ჩადენაში სასჯელაღსრულების დაწესებულების მაღალი თანამდებობის პირები. მიგვაჩნია, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ციხის ხელმძღვანელობას აღნიშნული მმართველობის მეთოდების შესახებ არაფერი სცოდნოდა. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ერთი მხრივ უზრუნველყოს კანონმდებლობის იმდაგვარი სრულყოფა, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ციხეში არაფორმალური მმართველობის განხორციელების საშუალებას, ხოლო მეორე მხრივ დაწესებულებებში შიდა მონიტორინგის სისტემა გააძლიეროს, რომელიც საშუალებას მისცემს სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებების არაფორმალური მმართველობის ფაქტები აღკვეთოს. მოვუწოდებთ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარებისა სამინისტროს, უმოკლეს ვადებში შეისწავლოს გეგუთის ციხეში არსებული ზოგადი მდგომარეობა და მმართველობის მეთოდები; დააყენოს გეგუთის ციხის ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის საკითხი; განახორციელოს სასჯელაღსრულებათა დაწესებულებების ეფექტური მონიტორინგი, რათა აღკვეთილ იქნეს არაფორმალური მმართველობის სავარაუდო ფაქტები. მოვუწოდებთ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, შეისწავლოს აღნიშნული საქმის კონკრეტული გარემოებები. ასევე მნიშვნელოვანია მიმართოს ძალისხმევა ამ და სხვა სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში მსგავსი პრობლემების გამოვლენის, პრევენციისა და აღმოფხვრისათვის და საზოგადოებას პერმანენტულად მიაწოდოს ინფორმაცია სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში არსებული პრობლემების შესახებ. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს სასჯელაღსრულების სისტემის საზოგადოებრივი მონიტორინგის საჭიროებას. ვფიქრობთ, რომ აუცილებელია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, პრევენციის ეროვნული მექანიზმისგან დამოუკიდებლად, უმოკლეს ვადაში დაერთოთ ნება, განახორციელონ სასჯელაღსრულების დაწესებულებების ალტერნატიული მონიტორინგი, რაც დაწესებულებებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას, სამართალდარღვევათა პრევენციასა და არსებული გამოწვევების უკეთ გამოვლენას შეუწყობს ხელს", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.