გურიაში, ოზურგეთის რაიონის სოფელ გურაინთში სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 2012 წლის შემოდგომაზე მიღებული მასშტაბური ამნისტიის კანონის საფუძველზე გათავისუფლებული გოჩა გუჯაბიძე ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
გარდაცვლილის მეზობლების თქმით, მეგობრის ბანკეტიდან დაბრუნებულ გუჯაბიძის მიმართულებით ინტენსიური სროლა საკუთარი სახლის ეზოში ავტომანქანის პარკირებისთანავე დაიწყო.
დაჭრილი გუჯაბიძე მომხდარიდან რამდენიმე წუთში ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების სიმძიმის გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა ბათუმის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდა.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის მთავარ სამმართვლოში სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.