სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ამჟამად 3 მსჯავრდებული შიმშილობს.
"კახა ხ-, რომელმაც 1 აგვისტოს პირი და ქუთუთოები ამოიკერა. მსჯავრდებული თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს და განთავისუფლებას მოითხოვს. ამ დროისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მედიით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას ეპილეფსია აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება. რაც შეეხება ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს, მას ერთი თვის წინ ჩაუტარდა ძვირადღირებული მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები და ქირურგიული ოპერაცია. მსჯავრდებულს სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს.
შიმშილობას განარძობს მალხაზ გ. რომლის მოთხოვნა სისხლის სამართლის საქმის გადასინჯვა და პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვაა.
მსჯავრდებული სასჯელს ყაჩაღობისთვის იხდის. 28.09.07 წელს მალხაზ გ-მ თანამზრახველებთან ერთად კერძო ტაქსი დააყაჩაღა, მძღოლს ძალადობის მუქარით გასტაცა კუთვნილი ავტომანქანა, თანხა და მობილური ტელეფონი. აღნიშნული დანაშაულისთვის მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. „ამნისტიის შესახებ" კანონით, 27.01.2013 წელს სასჯელი 2 წლით და 3 თვით შეუმცირდა. ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, 2013 წლის თებერვალში მას უარი ეთქვა პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე, რადგან ჩადენილი აქვს მძიმე კატეგორიის ძალადობრივი ხასიათის დანაშაული ჯგუფურად. სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილია დისციპლინური დარღვევისთვის. ადგილობრივი საბჭო მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხს კანონით გათვალისწინებულ ვადებში განიხილავს.
რაც შეეხება ზურაბ ი-ს, მსჯავრდებული სასამართლოს მიერ საქმის გადახედვას და სამართლიანად განხილვას ითხოვს.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მოშიმშილეთა მოთხოვნების დაკმაყოფილება საქმეების გადახედვასთან დაკავშირებით, მის კომპეტენციაში არ შედის", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.