1 286 პატიმარი საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მიმართავს და .სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილის გაუქმებას ითხოვს.
მსჯავრდებულთა თქმით, "ქურდული სამყაროს" წევრობა და "კანონიერი ქურდობა" მართსაწინააღმდეგო ქმედებად არ უნდა ითვლებოდეს და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელით არ უნდა ისჯებოდეს.
მსჯავრდებულთა ნაწილის აღნიშნულ მოთხოვნას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "კანონიერი ქურდობა" სისხლის სამართლის დანაშაულია და ასეთად უნდა დარჩეს".
"ჩემთვის გასაგებია და ძალიან ვწუხვარ იმაზე, რომ ზოგიერთი პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებას ელოდა, თუმცა "კანონიერი ქურდობა" და ქურდულ სამყაროსთან კავშირი სისხლის სამართლის დანაშაულად უნდა დარჩეს. ვინც სასჯელს კანონიერი ქურდობისთვის ან ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის იხდის, უნდა მოიხადოს ის სასჯელი, რომელიც მათ სასამართლომ მიუსაჯა. ეს ინსტიტუტი ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღმოიფხვრას საქართველოში", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არსებული შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციის თანახმად, "ქურდული სამყაროს" წევრობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.