მიმდინარე წლის 5 აგვისტოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი ჯავახიშვილი ახალი საინვესტიციო პროექტის, სავაჭრო ცენტრის „East Point Shopping & Entertainment" პრეზენტაციას დაესწრო.
პროექტის პრეზენტაციას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ესწრებოდნენ.
ახალი პროექტის, რომლის განსახორციელებლად კომპანია „CBD Development" 60 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს, პრეზენტაციის ფარგლებში მშენებლობის დაწყება სიმბოლური კაფსულის ჩადებით აღნიშნეს.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანაში დღეს კიდევ ერთი მსხვილი საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ჩაეყარა საფუძველი. ამგვარი საერთაშორისო სტანდარტის კომპლექსების მშენებლობა საქართველოში ხელს უწყობს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას... უმსხვილესი საინვესტიციო ფონდის "Quadrum Property Group" მიერ საქართველოში 60 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება ადასტურებს, რომ ქვეყანაში კარგი საინვესტიციო გარემოა", - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჯავახიშვილმა.
სავაჭრო ცენტრი „East Point Shopping & Entertainment" კახეთის გზატკეცილზე, თვალჭრელიძის ქ. #2-ში, 18 ჰექტარ მიწის ფართობზე განთავსდება და კომპლექსი 65 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. მშენებლობის დასრულებას კომპანია 2014 წლის შემოდგომაზე გეგმავს.