ვაკის რაიონის გამგეობა გაქურდეს. გამგეობის თანამშრომლების განცხადებით, ქურდობა სავარაუდოდ, არასამუშაო დღეებში მოხდა.
მათივე ინფორმაციით, ჩამტვრეულია ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილის რამაზ ლომინაძის კაბინეტის და გამგეობის რამდენიმე თანამშრომლის სამუშაო ოთახის კარი.
ვაკის რაიონის გამგებლის ბაჩო დოლიძის განცხადებით, მძარცველებმა რამდენიმე ერთეული კომპიუტერული ტექნიკა და სამსახურის კუთვნილი ფოტოაპარატი წაიღეს.
"მომხდარის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ მაქვს, რადგან ადგილზე კრიმინალისტები და შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. ერთადერთი რაც ვიცით, კარები წიხლითაა შემტვრეული, წაღებულია ტექნიკა, კომპიუტერები, ფოტოაპარატები და ასე შემდეგ. თუმცა ზუსტი რაოდენობა ჯერ არ ვიცით. სამართალდამცველები ალბათ მალე დადებენ შესაბამის დასკვნებს,"- განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
არსებული ინფორმაციით, ქურდობის დროს შენობაში ელექტორენერგია გამორთული იყო, რის გამოც მძარცველებს მოქმედება გაუადვილდათ.
ამასთან, ძარცვის შემდგომ, ვაკის რაიონის გამგეობის შენობა დამლაგებლებმა დაალაგეს, რადგან შენობა თანამშრომების მიერ არეული ეგონათ.