. საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის თემაზე - ,,ტოლერანტობა და მრავალფეროვნება". ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის პრესცენტრი იუწყება.
კონკურსის ორგანიზატორია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამის (იუ-ენ-დი-პი) მხარდაჭერით.
კონკურსის მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ 18 თებერვლიდან 15 ოქტომბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე გარკვეული პერიოდულობით (ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური) გავრცელებულ გაზეთში გამოქვეყნებული სტატია, რომელიც უნდა უკავშირდებოდეს შემდეგ თემატიკას:
საქართველოს ეთნოსთაშორის და/ან რელიგიათშორის ურთიერთობებს; საქართველოს ეთნოსებისა და/ან მოქმედი რელიგიების ყოველდღიურობას, კულტურასა და თავისებურებებს; ქვეყანაში ტოლერანტული გარემოს განვითარების პოტენციალს; უმცირესობების მდგომარეობას საქართველოში;
საზოგადოებაში შეუწყნარებლობის, ქსენოფობიის, დისკრიმინაციის პრობლემას;
საზოგადოებაში რელიგიური და ეთნიკური ნიშნით არსებული სტერეოტიპების ანალიზს; შეუწყნარებლობასთან, დისკრიმინაციასთან, ქსენოფობიასთან და ექსტრემიზმთან ბრძოლის საერთაშორისო გამოცდილებასა და მის ასახვას საქართველოში; სახელმწიფოსა და რელიგიური გაერთიანებების ურთიერთობათა სხვადასხვა ასპექტებს.
გამოქვეყნებული პუბლიკაცია საზოგადოებაში ტოლერანტული გარემოს დამკვიდრებას, მრავალფეროვნების კულტურის პატივისცემასა და ზემოჩამოთვლილ საკითხებზე დისკუსიის ინიცირებას უნდა უწყობდეს ხელს.
სტატიის მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 1000 სიტყვისა.
კონკურსში გამარჯვებულებს გამოავლენს სახალხო დამცველის მიერ მოწვეული სპეციალური კომისია.
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური სიგელებითა და პრიზებით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გაზეთის ბეჭდურ ვერსიასთან ერთად სახალხო დამცველის აპარატს უნდა მიაწოდონ გამოქვეყნებული სტატიის ელექტრონული ვარიანტიც მისამართზე: თბილისი, მაჩაბლის 11, სახალხო დამცველის ოფისი, ტოლერანტობის ცენტრი. მოწოდებულ მასალას აუცილებლად თან უნდა ახლდეს ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.
სტატიების შემოტანის ბოლო ვადაა 2010 წლის 15 ოქტომბერი.